კიელინი: "იუვენტუსისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რონალდუ რომ ცოტა ადრე წასულიყო"
„იუვენტუსის“ მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა შეაფასა.
„ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, რომ კრიშტიანუს ახალი მიზნები და ახალი გუნდი სჭირდებოდა, რომელიც მასზე ითამაშებდა.
როცა ის ასეთ გუნდს პოულობს, ეს გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. ეს მტკიცდება ახლა „იუნაიტედში“ და მანამდე მტკიცდებოდა ჩვენთანაც.
„იუვენტუსში“ შემადგენლობის გაახალგაზრდავება დაიწყო. რონალდუ რომ დარჩენილიყო, ჩვენთვის ეს დამატებითი ფასეულობა იქნებოდა. თუმცა, ნორმალურია რომ ის აწმყოზე ფიქრობდა და არა მომავალზე.
რონალდუმ კლუბი 28 აგვისტოს დატოვა, მაგრამ „იუვენტუსისთვის“ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ცოტა ადრე რომ წასულიყო. მისი წასვლა რამდენიმე ქულის დაკარგვის ფასად დაგვიჯდა.
ის რომ ცოტა ადრე წასულიყო, მოსამზადებლად გაცილებით მეტი დრო გვექნებოდა.“ - ციტირებს კიელინის სიტყვებს Goal.com.