ავტორიზაცია

სენსაციური შედეგი - ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამო ბათუმი მოულოდნელად 10-კაციან სამტრედიასთან დამარცხდა

სენსაციური შედეგი - ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამო ბათუმი მოულოდნელად 10-კაციან სამტრედიასთან დამარცხდა
თარიღი 24 ოქტ 2021, 18:09

ეროვნული ლიგა ერთის 31-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი „დინამო ბათუმი“ სტუმრად „სამტრედიასთან“ დამარცხდა.

მატჩის წინ გია გეგუჩაძის გუნდი აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა და თითქოს, მარტივი სამი ქულა უნდა მოეპოვებინა. 

პირველი ტაიმის მიწურულს, ახალაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, „სამტრედია“ 10 კაცით დარჩა და მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამტრედიელებმა შეხვედრის მიწურულს სენსაციური შედეგის დაფიქსირება მოახერხეს.

90-ე წუთზე მოედანზე ოთხი წუთის გამოსულმა ანატოლი მესიაჩენკომ მოახერხა გოლის გატანა და „სამტრედიას“ სენსაციური სამი ქულა მოუტანა, „დინამო ბათუმს“ კი სრულიად მოულოდნელი მარცხი აგემა.

ამ მატჩის შედეგმა სატურნირო ცხრილში რადიკალური ცვლილებები ვერ გამოიწვია - ბათუმელები 64 ქულით სათავეში დარჩნენ, თუმცა „დინამო თბილისს“ ამ ტურის მატჩის მოგების შემთხვევაში, სხვაობის 7-დან 4 ქულამდე შემცირება შეუძლია.

რაც შეეხება სამტრედიას, გუნდმა 20 ქულა დააგროვა, თუმცა ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია და მათთვის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი ამბავია.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი - შემდეგ შეხვედრაში ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი 1 ნოემბერს საკუთარ კედლებში „საბურთალოს“ უმასპინძლებს.