ავტორიზაცია

VIDEO: ლიგა 1-ში ლეო მესი კვლავ დუმს! ფრანგული ლე კლასიკი უგოლო ფრედ დასრულდა

თარიღი 25 ოქტ 2021, 00:55

ფრანგული ლიგა 1-ს მე-11 ტურში ადგილობრივი ლე კლასიკი შედგა, რომელშიც ერთმანეთს „მარსელი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა სტადიონ „ველოდრომზე“ გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

მე-14 წუთზე ლუან პერესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „პსჟ“ დააწინაურა, თუმცა გოლი იქამდე დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობის გამო ვიდეორეფერიმ გააუქმა.

21-ე წუთზე „მარსელმა“ ამჟამად უკვე „პსჟ-ს“ კარში გაიტანა - არკადიუშ მილიკის დახმარებით, თუმცა ვიდეორეფერიმ ამ მომენტშიც ტამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არც ეს გოლი ჩათვალა.

57-ე წუთზე უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათი აშრაფ ჰაკიმიმ მიიღო და პარიზელები 10 კაცით დარჩნენ, თუმცა სამპაოლის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და მატჩი ვერ მოიგო.

შეხვედრა სრულად ჩაატარა არგენტინელმა ლეგენდამ ლეო მესიმ, რომელსაც ლიგა 1-ში გოლი ჯერ არ გაუტანია, განსხვავებით ჩემპიონთა ლიგისგან, სადაც მას „პსჟ-ს“ მაისურით უკვე სამი გოლი აქვს გატანილი.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში სეზონის პირველი ფრე ითამაშა, თუმცა 28 ქულით პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს და უახლოეს მდევარ „ლანსს“ 7 ქულით უსწრებს, „მარსელი“ კი 18 ქულით მე-4 პოზიციაზეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.