ბარსელონა დემბელეს საკითხში აპრობირებული მეთოდის გამოყენებას აპირებს - ფრანგი ტრიბუნებზე გადაინაცვლებს?
„ბარსელონა“ გუნდის ნახევარმცველ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობას აგრძელებს.
Marca-ს ინფორმაციით, კატალონიელები დარწმუნებულები არიან, რომ ფრანგს ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დაარწმუნებენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დემბელეს წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდება, „ბარსამ“ შესაძლოა უკვე აპრობირებულ მეთოდს მიმართოს.
იგულისხმება ფეხბურთელის პირველი გუნდიდან მოკვეთა და მეორე გუნდში სავარჯიშოდ გადაყვანა - ამის გამო, ის ვერც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და არც თავის თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშებს იქამდე, სანამ ახალ კონტრაქტს არ დათანხმდება.
ასეთ მეთოდს „ბარსელონამ“ არც ისე დიდი ხნის წინ ილაიშ მორიბასთან მიმართა, რომელთანაც ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებოდა. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელმა გუნდი დატოვა და კარიერა „ლაიპციგში“ გააგრძელა.
შეგახსენებთ, რომ დემბელეს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და კლუბის აქტიური მცდელობაც ამას უკავშირდება. კატალონიელებს 105 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ სურთ.
თავის მხრივ, დემბელე არ ჩქარობს ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას და სარფიანი შემოთავაზებებისთვის გახსნილია.