VIDEO: ოლე ჯერ ცოცხალია - მანჩესტერმა სტუმრად ტოტენჰემი გაანადგურა
პრემიერ ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ტოტენჰემი“ გაანადგურა.
შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
მატჩის 39-ე წუთზე ანგარიში ჩინებული დარტყმით კრიშტიანუ რონალდუმ, თავისი თანამემამულის ბრუნო ფერნანდეშის პასით გახსნა.
64-ე წუთზე რონალდუმ უკვე თავად ითავა ასისტენტის როლი და ედინსონ კავანის გაატანინა, რის შემდეგაც 71-ე წუთზე მოედანი თავაწეულმა დატოვა და ადგილი მარკუს რაშფორდს დაუთმო.
ინგლისელმა ოლეს მიერ მიღებული სათამაშო დრო კარგად გამოიყენა და ტაბლოზე თავისი გვარიც აანთო - 87-ე წუთზე მატიჩის საგოლე გადაცემის შემდეგ რაშფორდმა უგო ლორისის კარი მესამედ აიღო და „მანჩესტერის“ დამაჯერებელ გამარჯვებაში წერტილი დასვა.
„იუნაიტედმა“ „ლივერპულთან“ შოკური განადგურების (0:5) შემდეგ პირველივე მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ოლე გუნარ სოლსკიაერს სამსახური შეუნარჩუნა.
„წითელი ეშმაკების“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყდა, გუნდმა 17 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, „ტოტენჰემი“ კი 15 ქულით მერვეა.