ავტორიზაცია

ალეგრი: "უნდა შევეგუოთ იმ რეალობას, რომ ამჟამად იუვენტუსი საშუალო დონის გუნდია და ვერონას ვერ ჯობია"

ალეგრი: "უნდა შევეგუოთ იმ რეალობას, რომ ამჟამად იუვენტუსი საშუალო დონის გუნდია და ვერონას ვერ ჯობია"
თარიღი 30 Oct 2021, 23:45

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, „ვერონასთან“ წაგების მიზეზებზე ილაპარაკა.

„სიტყვები ახლა აზრს მოკლებულია, ცუდ მდგომარეობაში ვართ. უნდა შევეგუოთ რეალობას, რომ ახლა საშუალო დონის გუნდი ვართ. ამ სიტუაციიდან გამოსვლა შეგვიძლია, თუ მიზანდასახულობას და საკუთარ თვისებებს გამოვავლენთ.

ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენა შეგვიძლია. არ აქვს საკუთარი თავის შეცოდებას აზრი, ეს არავის არ უშველის, უბრალოდ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რა არის გასაკეთებელი და ყველაფერი დალაგდება.

„იუვენტუსის“ მაისური არ არის იმის გარანტია, რომ ცხრილის შუაში მყოფ გუნდს აუცილებლად დავამარცხებთ. ყველა ქულისთვის ბრძოლა გვიწევს და ეს სწორი მიდგომით არის მხოლოდ შესაძლებელი.

„ვერონამ“ იცოდა, როგორ უნდა ეთამაშა რომ „იუვენტუსი“ დაემარცხებინა. ჩვენი შეცდომა იყო იმაზე ფიქრი, რომ „ვერონაზე“ უკეთესები ვართ, ახლა ეს ასე ნამდვილად არ არის და რეალისტები უნდა ვიყოთ.

არცერთ დიდ გუნდს არასდროს მატჩი მეტოქის პატივისცემის გარეშე არ მოუგია. ჩვენ ბრძოლის სურვილი გვაკლია, იმიტომ რომ თამაში - ბრძოლაა.

ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვით, უნდა გავჩუმდეთ და თავდაუზოგავად ვიშრომოთ, რათა მოედანზე საკუთარი თავი გამოვიჩინოთ. ამჟამად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ყველაფერი ცუდად არის, მაგრამ ჩვენ ცივსისხლიანად უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი, რა მუშაობს და რა - არა, შევხედოთ, ვინ უფრო დაიღალა, ვინ ნაკლებად.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს DAZN.