ავტორიზაცია

სუარესი: "2013 წელს არსენალში გადასვლა მინდოდა, რადგან ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა"

სუარესი: "2013 წელს არსენალში გადასვლა მინდოდა, რადგან ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა"
თარიღი 04 ნოე 2021, 22:41

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ 2013 წელს "ლივერპულიდან" ლონდონის "არსენალში" გადასვლა უნდოდა.

"ბრენდან როჯერსმა გუნდი 2012 წლის ივლისში ჩაიბარა, როცა "ლივერპულში" უკვე სეზონნახევარი მქონდა გატარებული. ამავდროულად, სხვა კლუბებში გადასვლის შესაძლებლობები მქონდა, რომლებიც აქტიურად მეკონტაქტებოდნენ. მაგრამ დამირეკა, როცა ურუგვაიში ვატარებდი შვებულებას და მითხრა, სხვანაირად ვაზროვნებ, კლუბისა და მისი ფილოსოფიის შეცვლა მინდაო".

"ისიც მითხრა, რომ კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება და დიდი ტიტულებისთვის ბრძოლა, აგრეთვე გუნდისგან ლამაზი ფეხბურთის ხილვა სურდა".

"მთხოვა მისთვის დამეჯერებინა და ნდობა გამომეცხადებინა. ეს საუბარი მომეწონა. მისი შეხედულებები და ფილოსოფია მომეწონა, რომლის დანერგვაც კლუბში უნდოდა, ამიტომაც აგენტს ველაპარაკე და "ლივერპულს" ვაცნობე, რომ არა წასვლა, არამედ აქ წარმატების მიღწევის კიდევ ერთი შანსის მიღება მსურდა".

"ის წელი ისეთი წარმატებული არ ყოფილა, როგორიც გეგმაში გვქონდა, მაგრამ იდეები ნათლად დავინახეთ. მიუხედავად ამისა, 2012/13 წლების სეზონის შემდეგ "არსენალში" გადასვლა მინდოდა, რადგან მაშინ ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა", - ციტირებს სუარესის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

მოგეხსენებათ, 34 წლის ურუგვაელი სუპერვარსკვლავი "ლივერპულში" 2011 წლიდან 2014 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი "ბარსელონაში" გადავიდა. სუარესი 2020 წლიდან "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს.