ახალი დეტალები — რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა ხავიმ და როდის წარადგენენ მას ბარსელონაში?

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა.
როგორც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრესსამსახური იუწყება, 41 წლის სპეციალისტის კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში", - წერია "ბლაუგრანას" განცხადებაში.
სავარაუდოდ, ხავი ბარსელონაში ამ უქმეებზე ჩავა, ორშაბათს კი, 8 ნოემბერს, გუნდის თავკაცის რანგში მისი პრეზენტაცია გაიმართება.
ესპანელმა ყატარული "ალ სადი" დატოვა, სადაც 2019 წლიდან მუშაობდა.
ხავის პროფესიონალური კარიერის დიდი ნაწილი სწორედ "ბარსაში" აქვს გატარებული. გუნდის რიგებში მას 767 მატჩი აქვს ჩატარებული და დიდი ხნის მანძილზე ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი იყო (შემდეგ ლიონელ მესიმ გადაუსწრო, რომლის აქტივშიც 778 შეხვედრაა). ამ დროის განმავლობაში ესპანელმა "ბარსასთან" ერთად 25 ტიტული მოიგო.
"რაიო ვალეკანოსთან" (0:1) მარცხის შემდეგ, "ბარსელონამ" 28 ოქტომბერს რონალდ კუმანი გაათავისუფლა და დროებით მთავარი მწვრთნელის ვალდებულებებს "ბარსელონა ბ"-ს დამრიგებელი, სერხი ბარხუანი ასრულებდა.
"ბლაუგრანას" აქტივში ამჟამად 16 ქულაა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და თავის ჯგუფში მე-2 პოზიციაზეა.