VIDEO: კატასტროფა ბარსელონასთვის?! ანსუ ფატიმ ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა
ლა ლიგის მე-13 ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „სელტას“ ამარცხებს (3:2, მეორე ტაიმი), თუმცა მატჩში ერთი ძალიან ნეგატიური ეპიზოდი მაინც დაფიქსირდა.
მეორე ნახევრის საწყის წუთებზე ტრავმა მიიღო გუნდის ვუნდერკინდმა და ერთ-ერთმა ყველაზე იმედისმომცემმა ახალგაზრდა, ანსუ ფატიმ, რომელმაც ამ შეხვედრაში თავი ლამაზი გოლითაც გამოიჩინა.
შეხვედრის 48-ე წუთზე ანსუმ თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და მოედანზე ადგილი ბალდეს დაუთმო.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ტრავმასთან გვაქვს საქმე და ყველაფერს გამოკვლევები გვიჩვენებს, თუმცა ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ პირველადი დათვალიერებით ფატის ტრავმა საკმაოდ სერიოზული იქნება და მას სულ ცოტა ერთი თვე მაინც გაუცდება.
აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება და ეს ცნობილი მხოლოდ მომდევნო რამდენიმე დღეში იქნება. დადასტურებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რაც „ბარსელონამ" ამ დრომდე „ტვიტერში" დაწერა - ახალგაზრდა შემტევმა ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა.
შეგახსენებთ, რომ ფატის მუხლის ტრავმა თითქმის ერთი წლის მანძილზე აწუხებდა - გასულ ნოემბერს მიღებული დაზიანების გამო ის მოედანზე მხოლოდ ამა წლის სექტემბერში დაბრუნდა და ლა ლიგის 5 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა.