ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? — კონტეს დებიუტი პრემიერ ლიგაში, დერბი დელა მადონინა და სხვა

რას ვუყუროთ დღეს? — კონტეს დებიუტი პრემიერ ლიგაში, დერბი დელა მადონინა და სხვა
თარიღი 07 ნოე 2021, 12:54

7 ნოემბრის საფეხბურთო დღეს მაყურებელი დაახლოებით 10-მდე ტოპ-დაპირისპირებას იხილავს. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო უშუალოდ მატჩების დაწყების წინ.

პრემიერ ლიგა

"ნისლიან ალბიონზე" ყველაზე დიდ ყურადღებას "ტოტენჰემის" მატჩი იქცევს - "დეზები" ინგლისის ჩემპიონატში ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით სადებიუტო შეხვედრას "ევერტონის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავენ.

გარდა ამისა, მე-7 ადგილზე მყოფი "არსენალი" "ემირეიტსზე" გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ "უოტფორდს" უმასპინძლებს და წარმატებული სვლის გაგრძელებას ეცდება.

დღის ბოლოს კი ტოპ-ოთხეულის წევრების დაპირისპირებას ვიხილავთ - მესამეადგილოსანი "ლივერპული" მეოთხე პოზიციაზე გამყარებულ "ვესტ ჰემს" ესტუმრება.

ლა ლიგა

ჩემპიონობისთვის მებრძოლი მადრიდის "ატლეტიკო" "მესტალიაზე" ჩადის, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ხვდება, ამიტომაც დიეგო სიმეონეს შეგირდებს ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელით.

მიუხედავად იმისა, რომ "ღამურების" რიგებიდან მინდორზე ქართველი გოლკიპერის ხილვა ძალიან გვინდა, ეს კვლავ ნაკლებად სავარაუდოა - უკვე რამდენიმე ტურია "ვალენსიას" ღირსებას იასპერ სილესენი იცავს, მამარდა კი სკამზე გვევლინება.

მოგვიანებით, ყველასათვის მოულოდნელი მეორეადგილოსანი "სოსიედადი" ევროთასების ზონასთან ახლოს მყოფ "ოსასუნას" ესტუმრება და ეცდება გულშემატკივრები მორიგი გამარჯვებით და სტაბილურობით გააკვირვოს.

სერია ა

და აი, ისიც. დღის ცენტრალური დაპირისპირება სწორედ აქ გაიმართება, ე.წ "დერბი დელა მადონინა", ერთმანეთს იტალიური ფეხბურთის გრანდები შეერკინებიან - "ნაპოლისთან" ერთად სატურნირო ცხრილის ლიდერი "მილანი" "სან სიროზე" მოქმედ ჩემპიონ "ინტერს" შეხვდება. 

ამ მატჩამდე კი საქმეში "რომასა" და "ნაპოლისაც" ვიხილავთ - ჟოზე მოურინიოს შეგირდები "ვენეციას" ესტუმრებიან, ხოლო ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი ნეაპოლელები კი "ვერონას" უმასპინძლებენ.

ლიგა 1

სათამაშო დღე საფრანგეთის ჩემპიონატში დასრულდება, სადაც ოთხეულისთვის მებრძოლი "რენისა" და "ლიონის" შეხვედრას ვიხილავთ. 

15:30 — "ვენეცია" - "რომა"

18:00 — "არსენალი" - "უოტფორდი"

18:00 — "ევერტონი" - "ტოტენჰემი"

19:15 — "ვალენსია" - "ატლეტიკო"

20:30 — "ვესტ ჰემი" - "ლივერპული"

21:00 — "ნაპოლი" - "ვერონა"

21:00 — "ლაციო" - "სალერნიტანა"

21:30 — "ოსასუნა" - "სოსიედადი"

23:45 — "მილანი" - "ინტერი"

23:45 — "რენი" - "ლიონი"