ავტორიზაცია

პოლ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედში თავისი უკანასკნელი მატჩი უკვე ჩატარებული აქვს?

პოლ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედში თავისი უკანასკნელი მატჩი უკვე ჩატარებული აქვს?
თარიღი 10 ნოე 2021, 16:13

არ არის გამორიცხული, პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავისი ბოლო მატჩი უკვე ნათამაშები ჰქონდეს, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს ნაკრების ვარჯიშზე მიღებული 2-თვიანი ტრავმა კიდევ უფრო ართულებს.

ნახევარმცველმა ნაკრების ვარჯიშზე მიიღო ტრავმა, რომლის გამოც დაახლოებით იანვრამდე ვეღარ შეძლებს მოედანზე გასვლას და როცა დაბრუნდება, უკვე ნებისმიერ გუნდთან დამოუკიდებლად შეეძლება მოლაპარაკებების მართვა და წინასწარი კონტრაქტის გაფორმებაც, რამეთუ ზაფხულში „იუნაიტედთან“ ხელშეკრულება ეწურება.

თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ შემოთავაზებები იანვარშივე მოისმინოს და თუნდაც სიმბოლურ ფასად გაყიდოს, რათა თავის დროზე 106 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი საერთოდ უფასოდ არ დაკარგოს.

როგორც ესპანური გამოცემა Marca ბრიტანულ The Sun-ზე დაყრდნობით წერს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ პოლ პოგბას გარშემო აგორებული დრამებით დაიღალნენ, განსაკუთრებით კი მისი აგენტით, მინო რაიოლათი.

გუნდის ექს-ფეხბურთელები და ლეგენდები მუდმივად აკრიტიკებენ პოგბას, მათ შორის - როი კინი, გარი ნევილი და პოლ სქოულზიც, რომელიც კრიტიკაში უფრო შორს წავიდა:

„მას მართლა სჭირდება ვინმე, ვინც მუდმივად დაელაპარაკება - ის, ვისაც ის პატივს სცემს და მოუსმენს. 

პოგბა გამოცდილი ფეხბურთელია, თუმცა 35 წლის გახდება და ამ სულელური რაღაცების კეთებას არ მოეშვება და ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის.“ - აღნიშნა სქოულზმა პოლზე საუბრისას.