ავტორიზაცია

"რეალი გაკვირვებულია, რომ ბარსელონა სატურნირო ცხრილში ასე შორს არის", - დანი კარვახალის ვრცელი ინტერვიუ

"რეალი გაკვირვებულია, რომ ბარსელონა სატურნირო ცხრილში ასე შორს არის", - დანი კარვახალის ვრცელი ინტერვიუ
თარიღი 10 ნოე 2021, 16:30

ტრავმატული წლის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ მცველი დანი კარვახალი ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა, სადაც მოიცალა და საკლუბო ფეხბურთზეც ილაპარაკა.

ესპანელი მცველის თქმით, დედაქალაქურ „სამეფო“ კლუბში გაკვირვებულნი არიან, რომ სეზონის ამ ეტაპზე „ბარსელონა“ მათ ცხრილში უკვე 10 ქულით ჩამორჩება.

როგორი შეგრძნებაა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება?

ბავშვივით მიხარია, თითქმის ისევე, როგორც მაშინ, როცა აქ პირველად მოვხვდი. ცოტა ვნერვიულობდი, თუმცა ყველას ნახვა ძალიან გამიხარდა. ამ მაისურის დასაცავად დაბრუნება ძალიან მახარებს.

ესპანეთის ნაკრების სახლიდან ყურებისას, სიბრაზეს და უიმედობას გრძნობდი?

ცოტ-ცოტა ორივეს. როცა არ თამაშობ, უარესია. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი დიდი მიზანი იყო, რომელიც ახლა დასრულებულია. თუმცა წარსულით ვერ იცხოვრებ. ახლა მე საბერძნეთთან მატჩზე ვფიქრობ, რომელიც რთული იქნება.

წესით, ევროპის ჩემპიონატი 2020-ში უნდა ჩატარებულიყო, როცა შენ შესანიშნავ ფორმაში იყავი. შემდეგ კი, პანდემია მოხდა...

დიახ, თუმცა ეს ცხოვრებაა. ახლა მე მხოლოდ აწმყოსა და მომავალზე ვფიქრობ, გუნდის დახმარებაზე. ჩემი ერთ-ერთი მიზანია 2022 წლის მუნდიალზე მოხვედრა.

მგონია, რომ ბევრი „რეალის“ ფანი მეგობარი გეყოლება.

(იცინის) დიახ, დიახ.

ბევრჯერ გიწევთ მათთვის ახსნა, რომ ლუის ენრიკე ანტი-მადრიდისტა არ არის?

როცა ეს მოსაზრება მესმის, სულ ვცდილობ ავხსნა რომ ასე ნამდვილად არ არის. მწვრთნელი ცდილობს ნაკრებში გამოიძახოს ისინი, ვინც მისი აზრით მას დაეხმარება, განურჩევლად იმისა თუ სად თამაშობს ეს ფეხბურთელი. მან ეს უკვე არაერთხელ დაამტკიცა. ეს არის მისი გზა, ფილოსოფია და იდეა.

შენ მას ყოველთვის გეგმებში ჰყავდი.

მართალია და ამისთვის მისი მადლიერი ვარ. მესიამოვნა ის, რაც მან ჩემზე პრესკონფერენციაზე თქვა იმ დღეს, როცა გამომიძახა. იმედია, ასე გაგრძელდება.

ესპანეთის ნაკრების გარეშე თუ წარმოგიდგენია მსოფლიო ჩემპიონატი?

ამ მომენტისთვის არა და ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ მსგავსი რამ არც მოხდეს.

გადავიდეთ რეალზე. როგორ გრძნობთ თავს წლის უკანასკნელ სანაკრებო პაუზამდე?

სწორედ ამაზე ვისაუბრე კოკესთან როცა აქ ჩამოვედი. წინა სანაკრებო პაუზამ მათ მაშინ მოუსწრო, როცა „ბარსელონას“ და „მილანს“ მოუგეს და შემდეგ, პაუზამ ტემპი დაუგდო. ახლა კი პირიქით, მათთვის ეს უკეთესია. ჩვენ ეს გვაფერხებს, მაგრამ იმ ფეხბურთელებისთვის, ვისაც ესპანეთივით დატვირთული და სანერვიულო თამაშები არ აქვს, ცოტა შვებით ამოსუნთქვის საშუალება იქნება.

ლა ლიგის სატურნირო ბრძოლიდან „ბარსელონა“ უკვე თუ ჩამოწერეთ?

ამისგან ძალიან შორს ვართ. როცა ზინედინ ზიდანი მოვიდა, „ბარსელონას“ 12 ქულით ჩამოვრჩებოდით, საბოლოოდ კი მათ ერთი ქულით ჩამოვრჩით და ბოლომდე წნეხში ვამყოფებდით.

ხავი ერნანდესთან ერთადაც გითამაშია და მის წინააღმდეგაც. მის დანიშვნაზე რას ფიქრობ?

რა თქმა უნდა ცვლილებებს ველი. „ბარსელონასთვის“ ხავის ტიპის ადამიანის დანიშვნა მათთვის იმედისმომცემი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქეა, მას მთელი მსოფლიოს იღბალს ვუსურვებ, მაგრამ რა თქმა უნდა არა ჩვენს წინააღმდეგ (იცინის).

რას ფიქრობ „ბარსელონას“ სიტუაციაზე?

როგორც კარლო ანჩელოტიმ თქვა, გაკვირვებულები ვართ რომ ამ ეტაპზე „ბარსელონა“ ცხრილში ასე შორს არის, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლაში მათი ჩამოწერა არავის შეუძლია, პატივისცემა აუცილებელია.

რას ფიქრობ როცა ვინისიუსს ხედავ?

ის რაკეტასავით არის, ის დაფრინავს და ძალიან გვეხმარება: სივრცეებს ავიწროებს და ბურთის ატანაში გვეხმარება, შემდეგ შეტევაში ერთვება, გოლებს იტანს. ის ჩვენს გუნდში ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელია და მაგალითია მენტალური სიძლიერის. მას წარსულში ძალიან ბევრს აკრიტიკებდნენ ცოტა გოლის გამო, ცუდი ფინიშინგის გამო. თუმცა, ერთადერთი რაც მან გააკეთა - ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა და წინსვლა გააგრძელა.

სერხიო რამოსს თუ ესაუბრები?

კი, ახლახანს ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ დაბრუნებასთან ახლოს არის. ვფიქრობ, ამ სანაკრებო პაუზის შემდეგ მას ვიხილავთ. ვნახოთ, თუ გაუმართლებს და ისევ მიიღებს ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას.

უცნაურია ესპანეთის ნაკრებში ჩამოსვლა და სერხიო რამოსის აქ ვერ დანახვა?

ძალიან უცნაურია. ბევრი ახალი სახე ვნახე, ახალგაზრდა ხალხი. ვფიქრობ, თუ სერხიო „პსჟ-ში“ კარგად ითამაშებს, აქაც დაბრუნდება.

მენტალურად კარგად გრძნობს ის თავს?

დიახ, ის მშვიდად არის და იცის, რა უნდა გააკეთოს რომ მომავალში ტრავმები აღარ მიიღოს.

ესპანეთში ახალ სახეებს შორის არის 17 წლის ბავშვიც.

დიახ, გავი. როცა შევხვდით, ერთმანეთს ჩავეხუტეთ. მასზე ბევრს ამბობს ის, რომ მისი ასაკის ბიჭი უკვე ეროვნულ ნაკრებშია, თანაც მისთვის არავის არაფერი უჩუქებია. მან „ბარსელონას“ მასურით უმაღლეს დონეზე გამოიჩინა თავი და არც ნაკრებში დააკლო. ბოლ ორ მატჩში ის შესანიშნავი იყო.