"ბარსაში ფიქრობენ, რომ დემბელე მბაპეზე უკეთესია", - ცნობები კატალონიელთა გეგმების შესახებ
ესპანური გამოცემა Esports COPE-ს გადაცემაში "ბარსელონას" შესახებ რამდენიმე ინფორმაცია გაავრცელეს.
საკმაოდ საინტერესოა ერთი ფაქტი - "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ გუნდის გარემარბი, უსმან დემბელე "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეზე უკეთესია.
ასე და ამგვარად, ზამთარში კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა 3 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
როგორც აღინიშნება, შემადგენლობის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად "ლურჯ-ბროწეულისფრები" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, რაჰიმ სტერლინგს განიხილავენ.
ამასთანავე, გამორიცხულია "ვულვერჰემპტონში" იჯარით განათხოვრებული შემტევის, ტრინკაუს დროზე ადრე დაბრუნება, რომლის დაბრუნებაც პორტუგალიური გამოცემა Record-ის ცნობით ვითომდა "ბარსას" ახალ მთავარ მწვრთნელს, ხავის ამ სეზონშივე სურს.
რაც შეეხება "ლაიფციგის" ნახევარმცველს, დანი ოლმოს, მის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რთულდება, გერმანული კლუბის მოთხოვნების გამო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, "ბარსელონამ" ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა დაადასტურა - გუნდი კატალონიელთა ლეგენდამ, ხავი ერნანდესმა ჩაიბარა.