ავტორიზაცია

VIDEO: ორი დუბლი, ორი ავტოგოლი და ა.შ — გერმანიამ ლიხტენშტეინი 9:0 გააცამტვერა!

თარიღი 12 ნოე 2021, 11:10

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, გერმანიის ნაკრებმა ლიხტენშტეინს უმასპინძლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ბუნდესთიმმა" შოუ დადგა და მეტოქე არ დაინდო - 9:0!

სტუმართათვის ყველაფერი საშინლად დაიწყო, მე-9 წუთზე მოედნიდან მცველი, იენს ჰოფერი გააძევეს და პენალტი დანიშნეს, რომელიც ილკაი გიუნდოგანმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა.

მე-20 წუთზე მცველმა, დანიელ კაუფმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც 22-ე წუთზე ლეროი სანეს გოლი მოჰყვა, ერთ წუთში კი მარკო როისმაც გაიტანა.

გერმანელები არც მეორე ნახევარში გაჩერდნენ - 49-ე წუთზე სანემ დუბლი გაიფორმა, 76-ე და 86-ე წუთებზე ტომას მიულერმა ორი გოლი შეაგდო, სადებიუტო ბურთი გაიტანა "ვოლფსბურგიდან" გამოძახებულმა ნახევარმცველმა, რიდლი ბაკუმ, საბოლოო შედეგი კი 89-ე წუთზე დაფიქსირდა - ლიხტენშტეინელმა მცველმა, მაქს გოპელმა თავის კარში გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ გერმანიას 24 ქულა დაუგროვდა და მუნდიალის საგზურიც გაინაღდა, ხოლო ლიხტენშტეინი ბოლო, მე-6 პოზიციაზეა ერთი ქულით.

მომდევნო მატჩში ჰანსი ფლიკის შეგირდები სომხეთს ესტუმრებიან, ლიხტენშტეინი კი რუმინეთს უმასპინძლებს, ორივე შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება.