ავტორიზაცია

პორტუგალიამ საქმე კატასტროფულად გაირთულა - ყველაფერი, რაც მუნდიალის პლეი-ოფზე უნდა ვიცოდეთ

პორტუგალიამ საქმე კატასტროფულად გაირთულა - ყველაფერი, რაც მუნდიალის პლეი-ოფზე უნდა ვიცოდეთ
თარიღი 15 ნოე 2021, 01:55

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ოფიციალურად სრულდება და ახლა ყველას ყურადღება მიპყრობილი ერთ რამეზე იქნება: პლეი-ოფზე.

ჯგუფის 10 გამარჯვებული 2022 წლის მუნდიალზე პირდაპირ გადის, 12 გუნდი კი ბოლო სამ ადგილს ერთმანეთში გაითამაშებს და რაც მნიშვნელოვანია, ჯგუფების მეორეადგილოსნებს შორის საკმაოდ ძლიერ ნაკრებებსად ვხვდებით.

ვის მოუწევს პლეი-ოფის თამაში?

პორტუგალია, შვედეთი, იტალია, ფინეთი, უელსი, შოტლანდია, თურქეთი, რუსეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ერთა ლიგაზე თავისი ჯგუფის ორი საუკეთესო გამარჯვებული (რეიტინგის მიხედვით) - ამჟამინდელი რეიტინგით, პლეი-ოფში ავსტრია და ჩეხეთი ხვდებიან.

*აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილი ჯგუფში ყველა ამ ნაკრებს განაღდებული ჯერ არ აქვს. ზემოთ მოცემულია იმ გუნდების ჩამონათვალი, რომლებიც ამ ეტაპზე იკავებენ მეორე ადგილს და გასვლის ყველაზე კარგი შანსი აქვთ. რამდენიმე ჯგუფის მატჩები დღეს გაიმართება.

როდის გაიმართება პლეი-ოფების კენჭისყრა?

2022 წლის ყატარში გასამართი მუნდიალის პლეი-ოფების კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 26 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

როგორ ფორმატში გაიმართება პლეი-ოფი?

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში პირველად, აღნიშნული 12 ნაკრები ერთმატჩიან ფორმატში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და იქნება ორი რაუნდი: ნახევარფინალური და ფინალური. ანუ, 12 გუნდი თავიდან 6 წყვილად გადანაწილდება, საიდანაც ფინალურ რაუნდში 6 გუნდი გავა და აქედან მხოლოდ 3 მოახერხებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას.

სად და როდის გაიმართება აღნიშნული შეხვედრები?

როგორც კი გაირკვევა გუნდები, შემდეგი, რაც იქნება მნიშვნელოვანი - თუ როდის გაიმართება აღნიშნული შეხვედრები. 

პირველი მატჩები 24-25 მარტს გაიმართება, ფინალური რაუნდი კი 28-29 მარტს შედგება და სწორედ ამ რიცხვში გავიგებთ იმ სამ ნაკრებს, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა.