რომელ გუნდებთან მოუწევს ბრძოლა იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პლეი-ოფში?
როგორც იცით, იტალიის ნაკრებმა შესარჩევის ბოლო ტურში საქმე გაირთულა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის საკითხი პლეი-ოფამდე გადადო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი იქნება იმ 12 ნაკრებს შორის, რომლებიც 2022 წლის მარტში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 3 საგზურს გაითამაშებენ.
უკვე ცნობილია იტალიის გარდა კიდევ 7 გუნდის ვინაობა, რომელიც პლეი-ოფში გადავიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებს. ესენი არიან:
პორტუგალია, შვედეთი, იტალია, შოტლანდია, თურქეთი, რუსეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.
უკვე დღეს, 16 ნოემბერს გაირკვევა კიდევ ორი გუნდი, რომელიც თავის ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს. ამ ეტაპზე, D და E ჯგუფების მეორეადგილოსნები ფინეთი და უელსი არიან და პლეი-ოფში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსიც მაგათ აქვთ, თუმცა ბრძოლას აგრძელებენ მესამეადგილოსნები: უკრაინა და ჩეხეთიც.
პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე კი ერთა ლიგიდან იქნება. უეფას ამ ტურნირზე თავისი ჯგუფების გამარჯვებულები, რომლებიც რეიტინგში ამჟამად ყველაზე მაღლა დგანან, მსოფლიო ჩემპიონატის საპლეიოფო მატჩების საგზურს მოიპოვებენ. ამჟამად, ესენი არიან ავსტრია და ჩეხეთი. ანუ, თუ დღეს ჩეხეთი ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდება, მაშინ პლეი-ოფში მოხვედრა ერთა ლიგით შეეძლება, თუ მარტამდე სხვა გუნდმა ჯგუფის გამარჯვებულმა უეფას რეიტინგში არ გადაასწრო.
როდის გაიმართება პლეი-ოფების კენჭისყრა?
2022 წლის ყატარში გასამართი მუნდიალის პლეი-ოფების კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 26 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.
როგორ ფორმატში გაიმართება პლეი-ოფი?
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში პირველად, აღნიშნული 12 ნაკრები ერთმატჩიან ფორმატში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და იქნება ორი რაუნდი: ნახევარფინალური და ფინალური. ანუ, 12 გუნდი თავიდან 6 წყვილად გადანაწილდება, საიდანაც ფინალურ რაუნდში 6 გუნდი გავა და აქედან მხოლოდ 3 მოახერხებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას.
სად და როდის გაიმართება აღნიშნული შეხვედრები?
როგორც კი გაირკვევა გუნდები, შემდეგი, რაც იქნება მნიშვნელოვანი - თუ როდის გაიმართება აღნიშნული შეხვედრები.
პირველი მატჩები 24-25 მარტს გაიმართება, ფინალური რაუნდი კი 28-29 მარტს შედგება და სწორედ ამ რიცხვში გავიგებთ იმ სამ ნაკრებს, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა.