ავტორიზაცია

ოფიციალურად რომელი ნაკრებები არიან ამ დრომდე მუნდიალზე გასულები? 11-ვე მონაწილის მიმოხილვა

ოფიციალურად რომელი ნაკრებები არიან ამ დრომდე მუნდიალზე გასულები? 11-ვე მონაწილის მიმოხილვა
თარიღი 16 ნოე 2021, 11:15

ამ დრომდე, ოფიციალურად არის ცნობილი მსოფლიო ჩემპიონატის 11 მონაწილე.

ორშაბათის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ოფიციალურად გახდა ცნობილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 11 მონაწილე. აქამდე გასულ ნაკრებებს შვეიცარია და ინგლისი შეუერთდნენ.

გუშინდელი დღის მთავარი ამბავი - რაღა თქმა უნდა იტალიის წარუმატებლობაა. მანჩინის გუნდმა ჩრ.ირლანდიას ვერ მოუგო, პარალელურ მატჩში კი შვეიცარიამ ბულგარეთი გაანადგურა. ამიტომ, შვეიცარიელები ყატარში მიემგზავრებიან, იტალია კი მეორეზე გავიდა და პლეი-ოფის თამაში მოუწევს. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალია და იტალია ერთმანეთს შეიძლება მხოლოდ პლეი-ოფის მეორე ეტაპზე, ანუ ე.წ. ფინალში შეხვდნენ, რადგან ორივე გუნდი განთესილი იქნება.

ამჟამად, ევროპული შესარჩევის პლეი-ოფის 10 მონაწილე უკვე ცნობილია. ესენი არიან: პორტუგალია, შოტლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, პოლონეთი, უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და ჩეხეთი. კიდევ ორი გუნდი დღეს, 16 ნოემბერს გაირკვევა. მარტში კი ისინი მუნდიალის 3 საგზურს გაითამაშებენ.

თუმცა, ქვემოთ ვისაუბროთ ნაკრებებზე, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გარანტირებულად იქნებიან

ყატარი

ფიფას რეიტინგში: 46-ე ადგილი

ტურნირის მასპინძელი - 2022 წლის მუნდიალის პირველი მონაწილეა. მათი ადგილი უკვე გადაწყვეტილია - ჯგუფი A, პირველი პოზიცია. ამ წლის ზაფხულში ყატარმა კონკაკაფის ოქროს თასზე მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც აშშ-სთან ბოლო წუთებზე დამარცხდა. სექტემბრის შემდეგ, ფელიქს სანჩესის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ატარებს და ფიფას არაბეთის თასისთვის ემზადება, რომელიც 2022 წლის მუნდიალის წინ, სატესტო ტურნირის სახეს მიიღებს. 

ჯერჯერობით, მზადება იდეალური არ გამოდის - ბოლო სამ თვეში მათ ორჯერ ფრე ითამაშეს და ხუთი მატჩი დათმეს.

ბრაზილია

ფიფას რეიტინგი: მე-2 ადგილი

ბრაზილია 2022 წლის მუნდიალის პირველი სამხრეთამერიკელი მონაწილეა. სელესაო შესარჩევ ეტაპზე დაუმარცხებელია: გუნდმა 12 მატჩში 34 ქულა მოაგროვა. ბოლო სამ წელიწადში ტიტეს გუნდმა მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი დათმო - არგენტინასთან კოპა ამერიკა 2021-ს ფინალში.

დანია: 

ფიფას რეიტინგი: მე-10 ადგილი

დანიელები F ჯგუფიდან გავიდნენ და უკან მოიტოვეს შოტლანდია და ავსტრია. 10 მატჩში კასპერ იულმანის გუნდმა 27 ქულა დააგროვა, 30 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 3 მიიღო, პირველი მარცხი კი შოტლანდიასთან ბოლო ტურში იწვნია, როცა უკვე თავად უმოტივაცია იყო. წელს დანიელებმა ევრო 2020-ს ნახევარფინალამდე მისვლას მოახერხეს და მხოლოდ ინგლისთან დამარცხდნენ, თუ ვინმეს არ გახსოვთ.

გერმანია

ფიფას რეიტინგი: მე-12 ადგილი

გერმანელები, დანიელების მსგავსად, ჯგუფიდან პირველი ადგილით და 27 ქულით გავიდნენ. გერმანიამ ცხრა მატჩი მოიგეს (მათგან ექვსი 3+ ბურთების სხვაობით). შეგახსენებთ, რომ განვლილ ევროზე გერმანია 1/8-ფინალამდე მივიდა, სადაც ინგლისთან დამარცხდა.

საფრანგეთი:

ფიფას რეიტინგი: მე-3 ადგილი

მსოფლიო ჩემპიონებმა ყატარის საგზური შესარჩევის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს. დეშამის გუნდმა ყაზახეთი 8:0 გაანადგურა და 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ფრანგებმა შესარჩევში არცერთი მატჩი არ წააგეს და სამჯერ ფრე ითამაშეს - ორჯერ უკრაინასთან და ერთხელ - ბოსნიასთან. 

ბელგია

ფიფას რეიტინგი: 1 ადგილი

ბელგიამ 2022 წლის მუნდიალზე მონაწილეობა ასევე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. მარტინესის გუნდს პრობლემები არ შექმნია, თუ ჩეხეთთან ერთ მატჩს არ ჩავთვლით (1:1). ბოლო მატჩს ბელგიელები უელსთან სტუმრად გამართავენ. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი თაობის ნაკრები დიდ ტურნირებზე მუდმივად იმედგაცრუებას განიცდის - გუნდი ვერც 2018 წლის მსოფლიოზე და ვერც ევრო 2020-ზე ვერ მივიდა გადამწყვეტ მატჩამდე. როგორც ჩანს, ყატარის მუნდიალი - ბოლო ადგილია, რომელზეც ბელგიელების ამ თაობას შეიძლება რაღაცის იმედი ჰქონდეთ.

ხორვატია

ფიფას რეიტინგი: მე-18 ადგილი

ბოლო ტურში რუსეთის (1:0) დამარცხებით, ლუკა მოდრიჩი და კომპანია მუნდიალზე პირდაპირ გავიდა. დალიჩის გუნდს კვალიფიკაციაში ფეხი სამჯერ დაუცდა - სლოვენიასთან დამარცხდა და სამი ქულა ვერ აიღო რუსეთთან და სლოვაკეთთან. რაც შეეხება ევრო 2020-ს, იქ ხორვატია ესპანეთთან (3:5) 1/8-ფინალურ მატჩში დამარცხდა, თანაც დამატებით დროში.

სერბეთი

ფიფას რეიტინგი: 25-ე ადგილი

სერბეთმა შეუძლებელი შეძლო - პორტუგალიას შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩის ბოლო წუთებზე გაუტანა და მუნდიალზე პირველი ადგილით გავიდა. მიტროვიჩის მიერ 90-ე წუთზე გატანილმა გოლმა ყველა სერბი გულშემატკივარი აღფრთოვანებული დატოვა. სტოიკოვიჩის გუნდმა 8 მატჩში 20 ქულა დააგროვა და პორტუგალიელებს სამი ქულით აჯობა.

ესპანეთი

ფიფას რეიტინგი: მე-7 ადგილი

ესპანელები შესარჩევში დიდად შედეგიანები ვერ იყვნენ - გუნდმა 8 მატჩში 19 ქულა დააგროვა და პირველი ადგილიც ბოლო ტურში გაინაღდა. ლუის ენრიკეს გუნდმა ქულები საბერძნეთთან (1:1) და შვედეთთან (1:1) მატჩებში დაკარგა. გარდა ამისა, წელს ესპანელები იტალიასთან (1:2) ევრო 2020-ს ნახევარფინალში და საფრანგეთთან (1:2) ერთა ლიგის ფინალში დამარცხდნენ. 

შვეიცარია

ფიფას რეიტინგი: მე-14 ადგილი

იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოიტოვა შვეიცარიამ იტალია - ამ სტატიის თავში უკვე მოგახსენეთ. ამ შესარჩევში მურატ იაკინის გუნდმა ხუთი მატჩი მოიგო, სამჯერ ფრე ითამაშა და შედეგად - ყატარში მიდის.

ინგლისი

ფიფას რეიტინგი: მე-5 ადგილი

ევრო 2020-ს ფინალში წაგების შემდეგ, ინგლისმა ყველა მეტოქეს გადაურბინა - ოთხი გოლი გაუტანა უნგრეთს და ანდორას, ხუთი - ალბანეთს და ისევ ანდორას და ბოლოს, 10 უპასუხო გოლით დაასაჩუქრა სან მარინო. საუთგეიტის გუნდი შესარჩევი ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდა, რვა მატჩი მოიგო და 2022 წლის მუნდიალზე მიემგზავრება.