VIDEO: დიდი სენსაცია - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმში ინგლისის ასაკობრივი გუნდი მიიღო და მინიმალური სხვაობით, 3-2 დაამარცხა.
ანგარიში 24-ე წუთზე გავხსენით. საბურთალოს შემტევმა გიორგი გულიაშვილმა საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის სტარტზევე, 46-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახდა. საბურთალოელების, გიორგი გოჩოლეიშვილის გადაცემით გიორგი გულიაშვილმა დუბლი გაიფორმა.
რამაზ სვანაძის გუნდმა მესამე გოლი 65-ე წუთზე გაიტანა. საბურთალოელთა ნახევარმცველის გიორგი გოჩოლეიშვილის გოლი იყო შედევრი!
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა პირველი გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს, სხვაობა კი მეორე გოლით 93-ე წუთზე შეამცირეს, თუმცა საბედნიეროდ, თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.
მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს არ თამაშობს, რადგან 2023 წელს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ვართ.