ავტორიზაცია

"ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია" - ამისულაშვილი არველაძის კრასნოდარში შესაძლო დანიშვნაზე

"ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია" - ამისულაშვილი არველაძის კრასნოდარში შესაძლო დანიშვნაზე
თარიღი 18 Nov 2021, 21:48

ბოლო პერიოდში რუსეთის ერთ-ერთი სახელოვანი გუნდის, კრასნოდარის სახელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე დაუკავშირეს.

GOAL.GE ვეტერან ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს დაუკავშირდა, რათა ამ შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით ეკითხა. იმის გარდა, რომ შოთა არველაძეს და ალექსანდრე ამისულაშვილს, როგორც ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე წელი ერთად მოუწიათ თამაში, შოთა 2010-2011 წლებში თურქულ "ქაიზერისპორში" ამისულაშვილის მთავარი მწვრთნელი იყო.

"იმ შემთხვევაში, თუ შოთა არველაძე კრასნოდარში დაინიშნა, იქნება თუ არა კარგი ნაბიჯი, ამას დრო გვაჩვენებს, წინასწარ ლაპარაკი ყოველთვის მარტივია. 

კრასნოდარში იმ პერიოდში გადავედი, როცა ეს გუნდი პირველ ნაბიჯებს დგამდა რუსეთში დიდ გუნდობისკენ, პირველი სეზონი მოგვიწია პრემიერლიგაში. 

კრასნოდარს საკმაოდ ამბიციური პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც უყვარს, როცა მისი გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. კლუბს გალიცკისგან ყველანაირი პირობა აქვს.

როცა კრასნოდარში მივედი, პრეზიდენტის მხრიდან ერთ-ერთი მოთხოვნა ის იყო, შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა. შოთა არველაძეს ამ გუნდში, როგორც მწვრთნელს, საკმაოდ კარგად იცნობენ. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა კრასნოდარიდან გადავედი და როგორც ფეხბურთელს, არამარტო რუსეთში, ძალიან ბევრ ადგილას იციან მის შესახებ.

კრასნოდარში შოთას მიმართ მაშინაც დიდ სიმპატიებს გამოხატავდნენ და ის, რომ დღესაც სურთ მისი მწვრთნელად დანიშვნა, იმაზე მიუთითებს, რომ როგორც მწვრთნელი, ახლაც ძალიან მოსწონთ. ამ გუნდში როგორც ფეხბურთელებს აკვირდებიან, ასევე უყურებს სკაუტთა ჯგუფი მწვრთნელებსაც.

მინდა შოთა არველაძეს წარმატება ვუსურვო იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც მიიღებს. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია," - განაცხადა ალექსანდრე ამისულაშვილმა GOAL.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ამისულაშვილი კრასნოდარში 2011-2012 წლებში თამაშობდა. 

რაც შეეხება შოთა არველაძეს, კრასნოდარის გარდა მას ჰალ სიტის უკავშირებენ. მისი ბოლო სამუშაო ადგილი უზბეკური ტაშკენტის ფახთაქორი იყო.