ავტორიზაცია

რა სჭირდება ბოლო ტურში ბარსელონას და ვინ გადის თანაბარ ქულებზე?

რა სჭირდება ბოლო ტურში ბარსელონას და ვინ გადის თანაბარ ქულებზე?
თარიღი 24 ნოე 2021, 02:20

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ხავის „ბარსელონა“ საკუთარ კედლებში „ბენფიკასთან“ სასწაულებრივად გადარჩა.

მატჩის ბოლო წუთებზე სტუმართა ფორვარდს, ჰარის სეფეროვიჩს 100%-იანი მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და „ბარსელონას“ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსიც დაუტოვა.

გეტყვით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ E ჯგუფში დასკვნითი ტურის წინ.

5 თამაშის შემდეგ, ძალთა ბალანსი ჯგუფში ასეა გადანაწინებული:

1 . ბაირნი - 15 ქულა
2. ბარსელონა - 7 ქულა
3. ბენფიკა - 5 ქულა
4. დინამო კიევი - 1 ქულა

ბოლო ტურში, „ბარსელონა“ სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება, „ბენფიკა“ კი საკუთარ კედლებში „დინამო კიევს“ დაუპირისპირდება.

ვის რა სჭირდება?

ლოგიკური მისახვედრია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის მებრძოლი გუნდები (ბარსელონა და ბენფიკა) უმოტივაციო მეტოქეებს ხვდებიან - „ბაიერნს“ პირველი ადგილით გასვლა აქვს განაღდებული, კიეველებს კი აღარაფერი შველით და მეოთხე ადგილიდან ვერ დაიძრებიან.

შესაბამისად, ყველაფერი „ბარსელონას“ ხელშია - ხავის გუნდმა „ალიანც არენაზე“ ერთი შეხედვით უმოტივაციო „ბაიერნს“ უნდა მოუგოს და შემდეგ ეტაპზე გასვლას „ბენფიკას“ მატჩის შედეგის მიუხედავად გაინაღდებს.

რა მოხდება, თუ „ბარსელონა“ ვერ მოიგებს?

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები „ალიანც არენაზე“ ვერ მოიგებენ (არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ფრე თუ მარცხი) პარალელურ მატჩში კი „ბენფიკა“ „დინამო კიევს“ დაამარცხებს, შემდეგ ეტაპზე სწორედ ლისაბონური გუნდი გავა.

„ბარსელონას“ ფრის და „ბენფიკას“ მოგების შემთხვევაში, გუნდები 8-8 ქულას დააგროვებენ, თუმცა მერვედფინალში ლისაბონელები უკეთესი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკის გამო გავლენ, რადგან „ბარსელონას“ შინ 3:0 მოუგეს, სტუმრად კი ფრე, 0:0 ეთამაშეს.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ისევ „ბარსელონას" ხელშია (მადლობა სეფეროვიჩს), თუმცა საქმე ძალიან მარტივადაც არ არის.