ავტორიზაცია

ლეგენდა, რომელიც გულის გარეშე დაკრძალეს - რა სიგიჟეები მოხდა მარადონას გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში?

ლეგენდა, რომელიც გულის გარეშე დაკრძალეს - რა სიგიჟეები მოხდა მარადონას გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში?
თარიღი 26 ნოე 2021, 12:30

გარდა ამისა, დიეგოს 44-მილიონიანი მემკვიდრეობისთვის 16 ადამიანი იბრძვის.

გუშინ ზუსტად 1 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში და ნამდვილად არასამაგალითო საფეხბურთო მოედანს მიღმა. როგორც ვარსკვლავებში ხშირად ხდება, მარადონას სიკვდილმა მისი სახელის გარშემო ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. ამ ერთ წელიწადში გაჩნდა უამრავი სიახლე, რომელიც დიეგოს უკავშირდება. გიყვებით ყველაზე მთავარს.

გარდაცვალების მიზეზი და დამნაშავეების ძიება

მარადონას გარდაცვალებისთანავე დაიწყო დიდი არეულობა მიზეზთან დაკავშირებით. თავიდან გამოცხადდა, რომ დიეგოს გულის შეტევა ჰქონდა, შემდეგ კი დეტალები გაჩნდა: მას ჰქონდა ფილტვების შეშუპება, რომელიც ქრონიკულმა გულის უკმარისობამ გამოიწვია. გაირკვა, რომ პათოლოგიის გამო მარადონას გული ზომით ნორმაზე ორჯერ დიდი იყო. სხვათაშორის, ალკოჰოლი ან ნარკოტიკული საშუალებები დიეგოს ორგანიზმში არ აღმოუჩენიათ.

აშკარაა, რომ მარადონა არ ყოფილა ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი და მისი წასვლა, სამწუხაროდ, დროის ამბავი იყო. თუმცა, არგენტინისთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა, რადგან აქტიურად დაიწყო დამნაშავეების ძიება. დიეგოს ადვოკატმა განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარებამ დაუშვებელი იდიოტიზმი დაუშვა და გამოძახებაზე ნახევარი საათი მოდიოდა. შემდეგ, ცხელ ხელში მოხვდა მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე - ნათესავებმა ტრაგედიაში ის დაადანაშაულეს. ასევე, მედიკოსს შეუტია სან-ისიდროს (ქალაქი დიდ ბუენოს-აირესში) პროკურორმა, რომელსაც ლეგენდის გარდაცვალების გამოძიება დაევალა. მან თქვა, რომ მარადონას გულის წამლებს არ აძლევდნენ და რომ პირადი ექიმი დიეგოს სათანადო მომსახურებით არ ანებივრებდა, ის კი მას „ბრმად ენდობოდა“.

მთელი ციებ-ცხელება კი ახალი წლის შემდეგ დაიწყო. ქვემოთ გთავაზობთ ცოტა ქრონოლოგიას

  • მარადონას პირად ექიმს ბრალი დაედო იმაში, რომ მან დიეგოს ხელმოწერები გააყალბა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე. ეს ფურცლები აღმოჩენილი იქნა გამოძიების დროს, გაყალბების ფაქტი კი ექსპერტიზამ დაადგინა.
     
  • მარადონას ფსიქიატრს ზერელე დამოკიდებულებაში დაედო ბრალი. ქალბატონზე იყო ეჭვი, რომ მან დიეგოს მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა ისეთ დღესაც კი, როცა მარადონა მასთან ვიზიტზე არ ყოფილა.
     
  • დიეგოს გარდაცვალების საქმეში აღმოჩნდა კიდევ სამი ექიმის სახელი. ერთ-ერთი მათგანი - ფსიქოლოგია, რომელიც დიეგოსთან გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მუშაობდა.

ზაფხულის დაწყებისთვის გამოძიება დასრულდა და პროკურატურამ ბრალი შვიდ მედიკოსს წაუყენა. გამომძიებლებმა ჩათვალეს, რომ ექიმები დაუფიქრებლად მოქმედებდნენ და მარადონას ჯანმრთელობა ბედის ამარა დატოვეს. იწერებოდა, რომ ექიმებს 8-დან 25 წლამდე ციხე ემუქრებათ. საქმეების გარჩევა დღემდე გრძელდება.

მემკვიდრე და მემკვიდრეობა

როგორც გითხარით, მარადონას გარდაცვალება არგენტინისთვის ნამდვილი შოკი იყო. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად კი დაახლოებით მილიონი ადამიანი მივიდა, იყო შემოთავაზებაც, რომ დიეგოს სურათი ერთ-ერთ კუპიურაზე გამოესახათ. მარადონას გარდაცვალებაზე მწუხარებით ლაპარაკობდა მთელი მსოფლიო. ლეგენდას პატივი მიაგო მისმა ყოფილმა კლუბმა „ნაპოლიმაც“, სადაც დიეგოს საუკეთესო საკლუბო კარიერა ჰქონდა. მის საპატივცელოდ, ნეაპოლიტანელებმა საკუთარ სტადიონს სახელი გადაარქვეს.

არ დაივიწყა მარადონასადმი პატივისცემა მისმა საფეხბურთო მემკვიდრემ, ლეო მესიმაც, რომელმაც გოლი გაიტანა და „ნიუელს ოლდ ბოისის“ 10-ნომრიანი მაისური მოირგო, რომელშიც დიეგო კარიერის მიწურულს თამაშობდა. მართალია, ამ დარღვევის გამო მას და „ბარსელონას“ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწიათ, მაგრამ მაინც.

მარადონას სუპერვარსკვლავის სტატუსით ბევრი სარგებლობდა. ჯერ კიდევ თავად დიეგო აღიარებდა, რომ 50-ზე მეტ ოჯახს არჩენდა. პრესამ გამოიკვლია, რომ არგენტინელს ამაში თვეში დაახლოებით 100 ათასი ევრო ეხარჯებოდა. ცხოვრების ბოლო 4-5 წელიწადში, მარადონამ ახლობლებზე და ნათესავებზე დაახლოებით 4.5 მილიონი ევრო დახარჯა. ის მათ ყველაფერს უხდიდა - დაწყებული ძვირიანი ავტომობილების შეძენით და დამთავრებული საპარიკმახეროში წასვლითა და კომუნალურებით. სრული სიგიჟე.

მარადონას გარდაცვალების შემდეგ კი, დაიწყო სამწუხარო, მაგრამ მოსალოდნელი მოვლენები. დიეგოს 16 ნათესავი მისი მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში ჩაერთო, რომელიც 44 მილიონ ევროდ შეფასდა. მონაწილეთა შორის არიან - მარადონას ხუთი კანონიერი და შვიდი ქორწინებაგარეშე შვილი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დიეგოს ანდერძი არ დაუტოვებია. თუ პრესას დავუჯერებთ, მან ამ დოკუმენტს ხელი ჯერ კიდევ 2012 წელს მოაწერა, თუმცა შემდეგ გააუქმა.

ყველაზე დაუჯერებელი ამბები

მარადონას წასვლის შემდეგ, გაჩნდა ყველაზე დაუჯერებელი ინფორმაცია. თითქოს, დიეგომ სიკვდილის წინ ოჯახს დაუწერა წერილი, რომელშიც მისი სხეულის ბალზამირებას სთხოვს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარადონამ თავის ადვოკატს გამოუთქვა სურვილი, რომ მისი სხეული, ლენინის მსგავსად, მუზეუმში მოათავსონ. პრესაში წერილის ფრაგმენტიც კი მოხვდა: „ღრმა ანალიზის შემდეგ, მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ჩემი ცხედარი ბალზამირების შემდეგ მუზეუმში მოათავსონ, ჩემი ტიტულების და პირადი ნივთების გარემოცვაში, რათა ხალხმა ჩემი სიყვარულის მიღება გააგრძელოს.“

გარდა ამისა, მარადონა არასრულწლოვანი გოგონას ცდუნებაში დაადანაშაულეს. თუ კუბელ მარის ალვარესს დავუჯერებთ, დიეგომ ის არგენტინაში 16 წლის ასაკში წაიყვანა, ნარკოტიკზე დამოკიდებული გახადა, 17 წლის ასაკში კი საერთოდ გააუპატიურა. პრესაში ფოტოც კი გაჩნდა, რომელზეც 40 წლის მარადონა საწოლში მავისთან ერთად წევს. 

და ბოლოს, ყველაზე ცხელ-ცხელი ნიუსი. ამასწინად გაირკვა, რომ მარადონა დაკრძალეს გულის გარეშე, რათა ის არ მოიპარონ. რაა? დიახ! ამის შესახებ ჟურნალისტმა ნელსონ კასტრომ დაწერა: „ადამიანთა დაჯგუფებას, რომლებიც კლუბ „ხიმნასია ლა-პლატას“ წარმოადგენენ, მარადონას გულის ამოღება სურდა, რაც წარმატებით ვერ განხორციელდა. როცა მათი გეგმების შესახებ გახდა ცნობილი, გული ამოიღეს.

გარდა ამისა, ეს იმისთვის მოხდა, რომ გული შეისწავლონ, რადგან ეს გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის გარკვევაში დაეხმარება. მარადონას გული ნახევარ კილოს იწონიდა, ძალიან დიდი იყო. როგორც წესი, გული 300 გრამს იწონის, მაგრამ ის ზედმეტად დიდი იყო სპორტსმენისთვისაც კი.“