სიგიჟეები ახლოვდება - რეალს მნიშვნელოვანი იანვარი ელის
იანვარში რეალის არაერთი ფეხბურთელისა და პოტენციური ახალწვეულების მომავალი გაირკვევა.
2022 წლის პირველივე დღიდან, რეალის ოფისებში ამჟამინდელი ფეხბურთელების გაშვებასა და ახალწვეულების მოზიდვაზე მუშაობა აქტიურად დაიწყება. სწორედ ამ მონაკვეთში წლის დასაწყისში დაიმატა რეალმა დავიდ ალაბა და არ არის გამორიცხული ანალოგიური რამ ახლაც მოხდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ქეისი - მბაპე. რეალი ამ ტრანსფერზე მრავალი წელია მუშაობს და ახლა გადამწყვეტი მომენტი დადგა. კლუბი 1 იანვრიდან აპირებს მოქმედებას, რადგან სწორედ ამ დღიდან შეძლებს მბაპე თავისი ოცნებისკენ დამალვის გარეშე სწრაფვას. რეალი იმედოვნებს, რომ მბაპე მომავალ ზაფხულს გუნდის პირველი ახალწვეული გახდება, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ახალი სპორტული პროექტის სახე და ფლაგმანი გახდება.
ყველაფერი მბაპეს სურვილზეა დამოკიდებული. თუ ის მოინდომებს - რეალში გადმოვა. მას პსჟ-სგან შემოთავაზება უკვე მაგიდაზე აქვს, რეალის კი იანვრის პირველ რიცხვებში გამოჩნდება და კლუბი ამ საქმეში ოპტიმიზმს გრძნობს.
როგორც ჩანს, რეალი მბაპეს შეძენას ზამთარშივე არ შეეცდება, თუმცა ხელმძღვანელობაში ეს ვარიანტიც განიხილებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მბაპეს ტრანსფერი ადვილი არ იქნება, რადგან 22 წლის ფეხბურთელს უზარმაზარი ხელფასი, ბონუსები და სხვა მრავალი საკითხი ექნება.
შემდეგ - რუდიგერი და პოგბა. რეალმა ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ორივე მათგანი სამეფო კლუბში თამაშზე ოცნებობს და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას შეესაბამება, რადგან ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან და მათი დამატება ფინანსური თვალსაზრისით სარფიანი იქნება, რადგან უფასოდ მოვლენ.
არ არის საიდუმლო, რომ პოგბა რეალში თამაშზე ოცნებობს ბენზემას და მბაპეს გვერდით. ის რეალს თამაშითაც შეესაბამება და სტატუსითაც, თუმცა ხელმძღვანელობას მაინც ეჭვები აქვს. 28 წლის ფეხბურთელს დიდი ხელფასი აქვს და მისი აგენტი მინო რაიოლაა, რომელთან მუშაობაც ადვილი არ არის.
გარდა ამისა, კლუბში ფიქრობენ, რომ პოგბას პოტენციური ტრანსფერი კამავინგას და ვალვერდეს პროგრესს შეაფერხებს.
რაც შეეხება რუდიგერს - ის ჩელსის ახალ კონტრაქტზე ჯერ კიდევ ვერ შეუთანხმდა და მადრიდისთვის ეს კარგი ამბავია, რადგან გერმანელი დაცვის ცენტრს გააძლიერებს. კლუბი ალაბა-მილიტაოზე აკეთებს მთავარ ფსონს, მაგრამ კარგი ალტერნატივა ზედმეტი არ იქნება.
პრობლემა გერმანელის ხელფასია, მას წლიურად 12 მილიონი ევროს მიღება სურს და მადრიდში ეს გადამეტებული ეჩვენებათ, რადგან ფიქრობენ, რომ 28 წლის რუდიგერი ალაბას დონის ფეხბურთელი არ არის.
შენაძენების გარდა კლუბი არ გამორიცხავს ზამთარში ზოგის წასვლასაც. იოვიჩმა შეიძლება იჯარით წასვლა მოითხოვოს. ასევე, წასვლისთვის მზად იქნება მარიანოც, თუ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს. შეიძლება წავიდეს ვალიეხოც, რომელსაც ანჩელოტიმ შესაძლოა სეზონის ბოლომდე დარჩენა სთხოვოს.
იანვრიდან მადრიდი დაიწყებს ვინისიუსის ახალ კონტრაქტზე მუშაობას. ის გუნდთან 2024 წლამდეა დაკავშირებული და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, თანაც ახლა ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. რეალი ფიქრობს, რომ ახალი კონტრაქტი საჭიროა, მაგრამ ვინის აუღელვებლობის შემხედვარე, კლუბიც მშვიდად არის.
საქმე ისაა, რომ 21 წლის ფეხბურთელს წასვლის სურვილი არასდროს გამოუთქვამს და არც არასდროს მოუთხოვია ხელფასის მომატება. მას მხოლოდ რეალში თამაში სურს.
ახალი კონტრაქტის საკითხში რიგში შემდეგი მილიტაო დგას. კლუბი მისი თამაშით კმაყოფილია და სურს, მადლობა ახალი კონტრაქტით შესთავაზოს.
წელიწადნახევარში კონტრაქტი ამოეწურებათ ბენზემას და კროოსს. დიდი ალბათობით, ორივე კონტრაქტ 2024-მდე გაახანგრძლივებს.
რაც შეეხება მარსელოს, ისკოს და ბეილს - ისინი უბრალოდ სეზონის ამოწურვას ელოდებიან, რის შემდეგაც გუნდს უფასოდ დატოვებენ. ოქროს ეპოქაში მათი წვლილის დამსახურებით, რეალი შეეცდება სამივეს მაქსიმალურად კარგად დაემშვიდობოს.