ავტორიზაცია

"ჩემი სახელი პიარისთვის გამოიყენა", - რონალდუმ France Football-ის მთავარი რედაქტორი ტყუილში დაადანაშაულა

"ჩემი სახელი პიარისთვის გამოიყენა", - რონალდუმ France Football-ის მთავარი რედაქტორი ტყუილში დაადანაშაულა
თარიღი 29 ნოე 2021, 22:50

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, განმარტა, თუ რატომ არ ესწრება ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიას და France Football-ის მთავარი რედაქტორი, პასკალ ფერე ტყუილში დაადანაშაულა.

„დღევანდელი შედეგი კარგად ხსნის პასკალ ფერეს წინა კვირის განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს მე მასთან საუბარში ვაღიარე, რომ ჩემი ერთადერთი მიზანია - კარიერა ლეო მესიზე მეტი ოქროს ბურთით დავასრულო.

ფერემ მოიტყუა, მან ჩემი სახელი საკუთარი თავის და იმ გამოცემის გასაპიარებლად გამოიყენა, რომელშიც მუშაობს. დაუშვებელია, რომ ადამიანი, რომელიც ასეთი პრესტიჟული ჯილდოს გაცემაზეა პასუხისმგებელი, ასე იტყუებოდეს და სრულ უპატივცემლობას იჩენდეს ადამიანის მიმართ, რომელიც ფრანც ფუტბოლს და ოქროს ბურთს ყოველთვის დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. დღეს, სამწუხაროდ, მან კვლავ მოიტყუა, როცა თქვა რომ მე იქ გარკვეული კარანტინის გამო არ ვარ, რის სათქმელადაც არანაირი საფუძველი არ ჰქონია.

ყოველთვის ვულოცავ მათ, ვინც იმარჯვებს, გულწრფელი თამაშის და სპორტული ოსტატობის დამსახურებით, რომლებითაც კარიერის საწყისი წლებიდან ვხელმძღვანელობ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვინმეს წინააღმდეგ არასდროს არ ვარ. მე ყოველთვის ვიმარჯვებ საკუთარი თავისთვის და იმ კლუბებისთვის, რომლებსაც წარმოვადგენ. ვიგებ მხოლოდ იმათთვის, ვისაც ჩემთვის კარგი უნდა.

ჩემი ყველაზე დიდი მიზანი კარიერაში - ეროვნული და საერთაშორისო ტიტულების მოგებაა კლუბსა და ნაკრებში. ყველაზე დიდი მიზანი ჩემს კარიერაში ასევე არის ის, რომ ვიყო მაგალითი იმათთვის, ვისაც პროფესიონალი ფეხბურთელობა სურს. ჩყველაზე დიდი მიზანია კარიერაში - ჩავწერო საკუთარი სახელი ოქროს ასოებით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. დანარჩენი? დანარჩენი კი უბრალოდ დანარჩენია.“ - წერს რონალდუ „ინსტაგრამში“.