ავტორიზაცია

"ავამოქმედეთ შესაბამისი პუნქტი" - დინამო თბილისმა ჯანო ანანიძეს უპასუხა

"ავამოქმედეთ შესაბამისი პუნქტი" - დინამო თბილისმა ჯანო ანანიძეს უპასუხა
თარიღი 04 დეკ 2021, 04:13

დინამო თბილისმა ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის კლუბისადმი გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

29 წლის შუახაზელმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მის მიმართ ცუდ მოპყრობაში დაადანაშაულა.

ამასთან დაკავშირებით დინამო თბილისმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.
"დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად.
ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, დინამო თბილისთან ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა.
ვინაიდან მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება ფეხბურთელს.
დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს მომავალში და იმედი გვაქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელი კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს, არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც," - წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ჯანო ანანიზე დინამო თბილისამდე რუსულ როტორში, სპარტაკში, როსტოვში და კვიპროსულ ანორთოსისში თამაშობდა.