ლადო ბურდული: "მეოთხე მსაჯმა მთავარ არბიტრს დაუძახა, რომ გორელი ფეხბურთელი შეგინებისთვის გაეგდო, მაგრამ..."

დღეს, უმაღლესი ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "სიონი" გორის "დილასთან" ანგარიშით 1-4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელებისთვის ეს მარცხი ზედიზედ მეორე იყო ეროვნულ ჩემპიონატში.
იხილეთ: მატჩის ამსახველი ფოტომასალა
GOAL.GE დაუკავშირდა "სიონის" მთავარ მწვრთნელს, ლადო ბურდულს, რომელიც ამ თამაშში მსაჯმა მოედნიდან გააძევა. მან გუნდის წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.
"ამ მატჩის წაგების ყველაზე დიდი მიზეზი მსაჯია, რომელმაც "დილას" ერთ-ერთი ფეხბურთელი მოედნიდან შეგინებისთვის არ გააგდო. თანაც, იმ მომენტში მეოთხე მსაჯმა მას დაუძახა გააგდეო, თუმცა მთავარმა არბიტრმა გორელი მოთამაშე მაინც მოედანზე დატოვა. მე თუ რამდენიმე ტურის წინ შეგინებისთვის მომცეს დისკვალიფიკაცია, დვალი თუ პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში მიყენებული შეურაცხყოფისთვის 3 თამაშიანი უთამაშებლობით დასაჯეს, ახლა რატომ გააკეთეს ყველაფერი სხვაგვარად? კანონი ყველასთვის ერთნაირი იყოს!
რაც შეეხება წარუმატებლობის სხვა ფაქტორებს, ფეხბურთელები - სირაძე, ხიზანეიშვილი, აფციაური - გვაკლია ტრავმების გამო და ვერადავერ ვითამაშეთ ოპტიმალური შემადგენლობით. მომდევნო კვირაში ჩანიშნული სანაკრებო პაუზა ნამდვილად წაგვადგება. ამ პერიოდში დაზიანებული მოთამაშეები ფორმაში ჩადგებიან, სათანადო შემადგენლობას დავაყენებთ და ჩვენს თამაშს აუცილებლად ვიპოვნით.
ახლა "სიონს" კარგი პერიოდი არ უდგას. მაგრამ, ყველას ახსოვს შარშან ამ გუნდს 11 ტურში 13 ქულა ჰქონდა და იმ მომენტში ვერავინ იფიქრებდა, რომ ევრო ტურნირების საგზურს მოვიპოვებდით, მაგრამ ეს შევძელით. წელსაც ზუსტად იგივე მიზანი გვექნება და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!" - განაცხადა "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა.