ავტორიზაცია

რეალი აზარის მოშორებას ცდილობს, ბელგიელი უარზეა — რატომ არ უნდა ედენს მადრიდის დატოვება?

რეალი აზარის მოშორებას ცდილობს, ბელგიელი უარზეა — რატომ არ უნდა ედენს მადრიდის დატოვება?
თარიღი 11 Dec 2021, 17:28

"რეალის" ხელმძღვანელობას გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ედენ აზარის გაყიდვა უნდა, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდი ბელგიელის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას განიხილავს. "სამეფო კლუბში" აცნობიერებენ, რომ აზარი ვეღარ ითამაშებს იმ ფეხბურთს, რომელსაც "ჩელსიში" აჩვენებდა.

აზარი გარეტ ბეილთან ერთად "რეალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. სწორედ მაღალი ხელფასია ახალი კლუბის ძიებაში მთავარი დაბრკოლება.

"ბლანკოსს" ედენში დახარჯული თანხის ნაწილის ამოღება უნდა, მაგრამ ესმის - ამჟამად ეს შეუძლებელია. ამიტომაც, კლუბი მზადაა იგი იჯარით მაინც გაუშვას, თუ ასეთი შეთავაზება ექნება. "რეალში" იმედი აქვთ, რომ ასეთ შემთხვევაში აზარი სეზონის დარჩენილ ნაწილს კარგად ჩაატარებს, ზაფხულში კი კლუბში დაბრუნდება.

მიუხედავად ამისა, აქაც პრობლემაა: 30 წლის ვინგერს ზამთარში იჯარით წასვლა არ უნდა. მის ოჯახში მალე მეხუთე შვილი დაიბადება და ედენს უნდა, რომ ეს ესპანეთში მოხდეს.

მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.