ვანდა ნარა იუვეს პრეზიდენტს შეხვდა - იკარდი ტურინში ზამთარში გადაბარგდება?!

„პსჟ-ს“ ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა ამ კვირაში „იუვენტუსის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელის შეხვდა, რათა ფეხბურთელის ტურინში პოტენციური გადაბარგება განეხილა.
Footmercato-ს ინფორმაციით, ანდრეა ანიელი პირადად არის დაინტერესებული „ზებრების“ შემადგენლობაში იკარდის გადმოყვანით. „ბიანკონერის“ ბოსს 28 წლის თავდამსხმელის დამატება უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.
თუმცა, „იუვე“ ერთადერთი მსურველი არ არის - ნარა სხვა იტალიურ გუნდებსაც დაეკონტაქტა. მას პირადად სურს, რომ მათი ოჯახი იტალიაში დაბრუნდეს საცხოვრებლად, სადაც თავის დროზე მილანში კარგად გრძნობდნენ თავს, როცა იკარდი „ინტერს“ კაპიტნობდა.
28 წლის იკარდის „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა ვარსკვლავური შემადგენლობის ფონზე მას საკმარისი სათამაშო დრო „პარკ დე პრენსზე“ სულაც არ ეძლევა და ის ლიდერების ტრავმების ან დისკვალიფიკაციების შემთხვევაში გადის ხოლმე მოედანზე.