"ყველაფერს გავიღებდი, რომ კარიერის გაგრძელება კიდევ შემეძლოს", - აგუეროს ღია წერილი კარიერის დამშვიდობების შემდეგ
„კამპ ნოუზე“ გამართული გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციის შემდეგ, სერხიო „კუნ“ აგუერომ სოციალურ ქსელში კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა.
„ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ კარიერის გაგრძელების შანსი კიდევ მომეცეს. თუმცა, ბოლო გამოკვლევების შემდეგ, ექიმებმა პროფესიონალურ ფეხბურთზე თავის დანებება მირჩიეს. მათი სიტყვები გადაწყვეტილების მიღების დროს ყველაზე მთავარი იყო. ასეთ პირობებში კარიერის დასრულება რთულია, მაგრამ სიცოცხლე პირველ ადგილზე დგას - ეს თავიდანვე ვიცოდი.
ერთ-ერთი იმ უამრავი თვისებიდან, რაც ფეხბურთმა მასწავლა არის ის, რომ შენ შეგიძლია მარცხი გამარჯვებად გადააკეთო და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება. რა თქმა უნდა ეს მტკივნეულია, მაგრამ ტრაგედია არ არის. ტრაგედია გაცილებით სხვა რაღაც იქნებოდა. საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, კიდევ რამდენი წელი შემეძლო თამაში, მხოლოდ იმას ვიხსენებ, რომ შესანიშნავი 18 წელი გავატარე.
ეს დიდებული კარიერა ჩემთან ერთად დარჩება და ჩემთან დარჩება ლტოლვა და ვნებაც, წლიდან წლამდე. თან მაქვს ის თანადგომა და ზრუვა, რომელიც ყველა კლუბისგან მივიღე, რომელშიც კი მითამაშია. „ინდეპენდიენტეც“, „ატლეტიკო მადრიდიც“, „მანჩესტერ სიტიც“, „ბარსელონაც“ და არგენტინის ნაკრებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან. ჩემი დაფასებაგ ულშემატკივრებს, რომლებიც გვერდში მედგნენ სიხარულში და მწუხარებაში - თქვენმა თანადგომამ გამაძლიერა.
მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, კოლეგებს, სტაფს, ფიზიოთერპევტებს და ყველას, ვინც ჩემ კარიერას საუკეთესოდ გაუძღვა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ოჯახს და მეგობრებს, რომლებიც სულ ჩემს გვერდში იყვნენ. ასევე ჩემს აგენტებს, რომლებიც 14 წლიდან მახლდნენ სრული პროფესიონალიზმით და ერთგულებით.
გარდა ტიტულებისა - ის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - ჩემი უდიდესი მიღწევაა მოპოვებული პატივისცემა კოლეგებისგან და მსოფლიო ფეხბურთის სიყვარული. ეს არასდროს შეიცვლება - სულ გულში მექნება და მომავალში გამაძლიერებს.
ცხოვრება გრძელდება და წინ ბევრი სიახლე გველის. ახალი ეტაპი იქნება, განსხვავებული, მაგრამ გავაგრძელებ ისევე, როგორც აქამდე: სულ პოზიტიურად, ენთუზიაზმით და სიხარულით.
ყველა მიყვარხართ."