გორის დილას პირველი ტრანსფერი - დემჩენკომ ფორვარდი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2-ს 2021 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი თამაზ მაქაცარია კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს.
Goal.ge-ს ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. კლუბსა და ფეხბურთელს შორის, შეთანხმება ორწლიან კონტრაქტზე შედგა.
თამაზ მაქაცარია გასულ სეზონში „გაგრას“ ეროვნულ ლიგაში ამოსვლაში დაეხმარა. ახალგაზრდა ფორვარდმა „გაგრას“ მაისურით 24 გოლის გატანა მოახერხა, აქედან ერთი - ზაფხულში კონფერენც ლიგის მატჩზე, მონტენეგროს „სუტიესკას“ წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ სეზონის დასრულების შემდეგ ორმა ფეხბურთელმა დატოვა - ირაკლი ბიძინაშვილმა ბათუმის „დინამოს“ მიაშურა, ხოლო ოსმანე კამარა, ჩვენი ინფორმაციით, თბილისის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს.