კანი: "შეგვეძლო ლიგის ბოლო ტურში მოდუნებულები ვყოფილიყავით, მაგრამ ნაცვლად ამისა ბარსელონა გავანადგურეთ"
„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, ოლივერ კანმა, „ბარსელონასთან“ 3:0 მოგებულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გაიმართა.
ამ წაგებამ „ბარსა“ ჯგუფში ჩატოვა და ევროპა ლიგაზე გადაიყვანა.
„ჩვენი გუნდის მენტალიტეტი სულ მაოცებდა. ავიღოთ მაგალითად „ბარსელონასთან“ საშინაო შეხვედრა. ადრე შეიძლებოდა გვეთქვა: „კარგი, ჯგუფში პირველობა უკვე განაღდებული გვაქვს და შეგვიძლია მოვდუნდეთ.“
მაგრამ, რა მოხდა ამის ნაცვლად? „ბარსელონა“ უბრალოდ გავანადგურეთ.
ფეხბურთელებს ყოველ მატჩში სურთ დამტკიცება, რომ საუკეთესოები არიან. ეს გამარჯვებისადმი ლტოლვა ყველას გადაეცემა.“ - ციტირებს კანის სიტყვებს Bayern & Germany „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ბაიერნის“ მეტოქე ავსტრიული „ზალცბურგი“ იქნება, „ბარსელონა" კი ევროპა ლიგის 1/16-ფინალში იტალიურ „ნაპოლის" დაუპირისპირდება.