ავტორიზაცია

საქმეში სხვა კლუბიც ჩაერთო — კავანის უკეთესი წინადადება აქვს, მაგრამ ბარსელონას ელოდება

საქმეში სხვა კლუბიც ჩაერთო — კავანის უკეთესი წინადადება აქვს, მაგრამ ბარსელონას ელოდება
თარიღი 26 Dec 2021, 16:27

"მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, ფორვარდმა "ბარსელონაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ "მანჩესტერ სიტიდან" ფერან ტორესის ტრანსფერის წარმატებით დახურვის შემდეგ, კატალონიურ გრანდს "ეშმაკუნების" ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების საჭიროებაში ეჭვი ეპარება.

კავანის სურს, რომ "ბლაუგრანამ" საბოლოო გადაწყვეტილება ახლავე მიიღოს. მისი პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა, მაგრამ ცოტა ხნის წინ "კორინთიანსისგან" მიიღო სარფიანი წინადადება, რომელიც მზად არის იმხელა ხელფასი უხადოს, რამდენსაც ამჟამად "ემიუ" უხდის.

"ბარსა" კავანის 1,5-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა. ახლა კატალონიურ კლუბში კამათობენ: ამ ზამთარს ედინსონი დაიმატონ თუ დაცვა გააძლიერონ. კავანი საბოლოო პასუხს ელოდება.

უკვე სამშაბათს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა 34 წლის სამხრეთამერიკელს ხელშეკრულება გაუწყვიტოს.

მიმდინარე სეზონში კავანიმ ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" რიგებში 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.