ავტორიზაცია

ინტერის შემდეგ, საქართველოში აკადემიას ვილიარეალიც ხსნის!

ინტერის შემდეგ, საქართველოში აკადემიას ვილიარეალიც ხსნის!
თარიღი 29 დეკ 2021, 13:37

როგორც მოგეხსენებათ, წელს საქართველოში მილანის "ინტერის" აკადემია გაიხსნა. ახლა კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში აკადემიას "ვილიარეალიც" გახსნის.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოფიციალურად გიორგი შანიძემ დაუდასტურა, რომელიც "ვილიარეალი საქართველოს" სკოლის დირექტორი გახდება.

"უკვე შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში ვილიარეალის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ესპანეთში ვიყავი და ესპანურ გუნდთან თანამშრომლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

სამუშაოები უკვე დაწყებულია, საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე თბილისში ესპანეთის ნაკრების ყოფილი წევრი და ვილიარეალის ყოფილი კაპიტანი, მარკოს სენა და კლუბის წარმომადგენლები გვესტუმრებიან.

აკადემიის ამოქმედება გაზაფხულზე იგეგმება. ადგილი შერჩეულია და იმედი გვაქვს, რომ ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ, მაგრამ სანამ სტადიონის თაობაზე საიჯარო ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ, მანამდე ლოკაციას ვერ დავასახელებ.

არაა გამორიცხული, რამდენიმე ლოკაციაც გვქონდეს – თბილისის გარდა, ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გადაწყვეტის ფაზაშია.

ჩვენი ყველას ამოცანა ქართველი ფეხბურთელების ევროპულ ბაზარზე გაყვანა და მათთან მჭიდრო კავშირების დამყარებაა.  მიხარია, რომ ამ საკითხში ჩემი წვლილი შევიტანე.

საწვრთნელი პროცესის წარმართვაში ესპანური გუნდის მწვრთნელები დაგვეხმარებიან. მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე მონაწილეობას შევძლებთ, ბავშვებს და მწვრთნელებს სტაჟირებაზე წავიყვანთ", - განაცხადა შანიძემ.