წასვლა გარდაუვალია, დემბელეს ბარსელონასთან მოლაპარაკებები ჩაეშალა - კატალონიელი ჟურნალისტი
როგორც ჩანს, ფრანგი შემტევი „კამპ ნოუს“ მომდევნო ზაფხულს სრულიად უფასოდ დატოვებს.
უსმან დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და კლუბი აქტიურად ცდილობს ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე დაიყოლიოს. თუმცა, ამაოდ.
როგორც კატალონიელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, დემბელეს „ბარსელონადან“ წასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია - მხარეებს შორის მოლაპარაკებები დღეს ჩაიშალა და დემბელემ უარი თქვა კლუბის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.
რომეროზე უფრო სანდო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ასეთი კატეგორიული არ არის და ამბობს, რომ დემბელეს პრიორიტეტი ყოველთვის „ბარსაში“ დარჩენა იყო, თუმცა ეს არ მოხდება თუ კლუბი მას სასურველ ხელფასს არ შესთავაზებს. ამ ეტაპზე, სიტუაცია ძალიან რთულად არის.
დემბელეს კონტრაქტის გაუგებრობა ინგლისურმა გუნდებმა სათავისოდ გამოიყენეს - როგორც რომანო ამბობს, ფრანგს პრემიერ ლიგის ორი გუნდი უკვე დაუკავშირდა და მას სოლიდური ხელფასიც შესთავაზა.
როგორც ჩანს, ფრანგის ასპარეზობა „კამპ ნოუზე“ ასე წარუმატებლად სრულდება. შეგახსენებთ, რომ დემბელე „ბარსას“ ფეხბურთელი 2017 წელს გახდა, როცა „დორტმუნდიდან“ „ბარსელონაში“ 135 მლნ ევროდ გადავიდა.