40-მილიონიანი ხელფასი, 20-მილიონიანი ბონუსი — დემბელეს არაამქვეყნიური მოთხოვნები აქვს
"ბარსელონა" გარემარბ უსმან დემბელეს, რომელიც 2022 წლის ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს, გარემარბ უსმან დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ფეხბურთელის აგენტ მუსა სისოკოსა და "ბარსას" წარმომადგენლებს შორის გამართული ბოლო შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა. მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან.
უახლოეს დღეებში მოლაპარკებები შეიძლება განახლდეს, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფრები" პესიმისტურად არიან განწყობილნი: ახლა ფეხბურთელი წასვლასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან. "ბარსაში" მოლაპარაკებების შედეგით ძალიან იმედგაცრუებულები არიან.
სისოკომ შეხვედრაზე დემბელესთვის წლიური ხელფასის სახით 40 მილიონი ევრო მოითხოვა, აგრეთვე კონტრაქტის გაფორმებისთვის 20-მილიონიანი ბონუსი, წერს ჟურნალისტი, ხერარდ რომერო.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, ფრანგს "ბარსაში" დარჩენა უნდა, მაგრამ თავისი პირობებით. დემბელეს და მის აგენტს კლუბის მიდგომა არ მოეწონათ, რომელმაც ფერან ტორესში 55 მილიონი გადაიხადა, მაგრამ ამავე დროს აცხადებს, რომ უსმანისთვის დიდი ანაზღაურების დანიშვნა არ შეუძლია.
დემბელეს გარემოცვას 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირების თაობაზე პრემიერ ლიგის ორი კლუბი უკვე დაუკავშირდა. რამდენიმე კვირის წინ, ფრანგს "ნიუკასლმა" მიმართა, მაგრამ უსმანით მხოლოდ "კაჭკაჭები" არ არიან დაინტერესებულები.
მიმდინარე სეზონში 24 წლის მარჯვენა გარემარბმა "ბარსას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.