ავტორიზაცია

"დინამომ ევროთასებზე ღირსეულად უნდა იასპარეზოს" - ფიფიამ წელი შეაჯამა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა

"დინამომ ევროთასებზე ღირსეულად უნდა იასპარეზოს" - ფიფიამ წელი შეაჯამა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა
თარიღი 31 დეკ 2021, 11:31

"დინამო თბილისის" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განვლილი სეზონი შეაფასა და კლუბში მიმდინარე განახლების პროცესზე ისაუბრა

განვლილი სეზონის შესახებ

პირველ რიგში, მსურს ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემპიონობა. ეს ამ კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. საკმაოდ დაძაბული სეზონი გამოვიდა, თუმცა მე პირადად მას ნორმალურად შევაფასებდი. იქიდან გამომდინარე, რომ სეზონის შუა ნახევარში ჩვენ გუნდის განახლება დავიწყეთ, ვგულისხმობ ახალი მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის მოყვანას, პირადად ჩემთვის გასულ სეზონში მთავარი მოვლენა სწორედ ეს იყო. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ პოზიტიური დინამიკა გვქონდა.

გუნდში მიმდინარე განახლების პროცესის შესახებ

დღეს ჩვენს გუნდს მართავს ბორდი, სადაც გადაწყვეტილება მსჯელობის შედეგად მიიღება. გუნდის დაკომპლექტებასა და შედეგებზე პასუხისმგებლობა მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორზეა გადანაწილებული. კახა ცხადაძესა და ალექსანდრე რეხვიაშვილს ჩემგან სრული ნდობა აქვთ. სწორედ ამის ნიშანია ის პროცესები, რაც დღეს გუნდში მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმატებთ საკმაოდ გამოცდილ ფეხბურთელებს. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება და 10 იანვრისთვის ჩვენ პრაქტიკულად სრული შემადგენლობა გვეყოლება. იმედი მაქვს, რომ ჩემ მიერ გამოცხადებულ ნდობას სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახება.

ანდრეს კარასკოს "დინამოს" აკადემიაში დაბრუნების შესახებ

ანდრე კარასკოს "დინამოს" აკადემიაში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ სპეციალისტზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი აკადემიის ჩამოყალიბებასა და წარმატებაში მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. იგი მუშაობას ახალი წლიდან შეუდგება. იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის აპრილში პანდემია საშუალებას მოგვცემს, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს ვუმასპინძლოთ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მიმართვა "დინამოს" გულშემატკივრებს, ვეტერან ფეხბურთელებს და კლუბის წარმომადგენლებს

მსურს მივმართო სრულიად საქართველოს, "დინამოს" გულშემატკივრებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, მთლიანად გუნდს და აკადემიას. თითოეულ მათგანს ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას. დღეს არსებულ მდგომარეობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავიკეთოთ ვაქცინა. ეს ერთადერთი გზაა სიცოცხლის გადასარჩენად.
იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი უკვე ზაფხულში კარგ შედეგებს აჩვენებს. ევროტურნირებზე ღირსეულად უნდა ვიასპარეზოთ. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმ ერთი ტიტული მოვიპოვოთ და ეს საქართველოს ჩემპიონობაა.