ავტორიზაცია

ფაბიო კანავარომ შესაძლოა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ნაკრები ჩაიბაროს

ფაბიო კანავარომ შესაძლოა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ნაკრები ჩაიბაროს
თარიღი 01 იან 2022, 15:14

ლეგენდარული იტალიელი მცველი ფაბიო კანავარო შესაძლოა პოლონეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს.

Interia Sport-ის ინფორმაციით, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ცეზარი კულეშამ 48 წლის სპეციალისტის დანიშვნის შემოთავაზება მიიღო და მის კანდიდატურას განიხილავს.

კანავაროს აქამდე მხოლოდ აზიაში მუშაობის გამოცდილება აქვს - ის „ალ-ახლის“, „გუანჯოუს“, „ალ-ნასრის“, „ტიანცინის“ და ჩინეთის ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა. 2019 წელს მან „ევერგრანდთან“ ერთად ჩინეთის ჩემპიონატი მოიგო, 2018-ში კი - ქვეყნის სუპერთასი.

ბოლო დღეებში პრესაში პოლონეთის შესაძლო მწვრთნელად ისეთმა სახელებმაც გაიჟღერა, როგორებიც იურგენ კლინსმანი, ავრაამ გრანტი, ადამ ნავალკა, ჩესლავ მიხნევიჩი და სხვები არიან.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს პაულუ სოუზამ პოლონეთის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი გაწყვიტა და გუნდი დატოვა, რათა „ფლამენგო“ ჩაიბაროს.