ავტორიზაცია

VIDEO: რომას ორი წითელი, იბრას გაფუჭებული პენალტი — მილანმა რომას უხვგოლიან მატჩში მოუგო

თარიღი 07 Jan 2022, 00:40

იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის ეგიდით, "მილანმა" "სან სიროზე" ჟოზე მოურინიოს "რომას" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული, უხვგოლიანი გამოდგა და "როსონერის" გამარჯვებით დასრულდა - 3:1.

ანგარიში მე-8 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, მე-17 წუთზე კი ჟუნიორ მესიასმა მილანელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მე-40 წუთზე რომაელებმა სხვაობა შეამცირეს - მაიკ მენიოს კარი ტემი აბრაჰამმა აიღო. საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე "მილანის" შემტევმა, რაფაელ ლეაომ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ 74-ე წუთზე "რომას" რიკ კარსდორპი გაუძევეს, 93-ე წუთზე კი ჯანლუკა მანჩინი, ორივე მათგანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 94-ე წუთზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

სერია ა-ს სატურნირო ცხრილში "მილანი" 45 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო "რომა" 32 ქულით მე-7 ადგილზეა.