ავტორიზაცია

აზაროვიდან მარსელომდე - ტრაბზონსპორი მარცხენა მცველის აქტიურ ძიებაშია

აზაროვიდან მარსელომდე - ტრაბზონსპორი მარცხენა მცველის აქტიურ ძიებაშია
თარიღი 08 იან 2022, 14:17

ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის მომავალზე თურქული მედია საშუალებები აქტიურად წერდნენ. ქართველი განაპირა მცველი ახლოს იყო "ტრაბზონში" გადასვლასთან, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

არსებობს მოსაზრება, რომ აჭარელთა ვინგბექის თურქეთში ტრანსფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია და საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა რამდენიმე დღეში, უფრო კონკრეტულად კი 12 იანვარს.

Fox-24-ის მტკიცებით, სანამ 19-წლის ფლანგელის მომავალი ბუნდოვანია, "ლურჯ-წითლები" დაინტერესდნენ მადრიდის "რეალის" ვეტერანი მცველით, მარსელო ვიეირათი.

თავად ბრაზილიელი მარცხენა მცველი "ზღვისპირელებში" გადასვლით არ არის მოხიბლული და ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მშობლიურ "ფლუმინენსეში" დაბრუნებას გეგმავს.

ამავდროულად კი აბდულაჰ ავჯის გუნდის სატრანსფერო სიაში გაჩნდა კიდევ ერთი განაპირა მცველის ვარიანტი - ახალგაზრდა ტიმოტეუშ პუჰაჩი ბერლინის "უნიონიდან".

ერთი სიტყვით, შენოლ გიუნეშის სახელობის სტადიონზე ახალი ვინგბექი აუცილებლად მოვა, საკითხავია ის, თუ ვინ. აქვე დავამატებთ, გია გეგუჩაძის გუნდის მე-16 ნომრის სახელი "ოლიმპიაკოსსა" და "კრასნოდარსაც" დაუკავშირეს.