გრიზმანი: "ყველაზე კომფორტულად თავს ატლეტიკოში ვგრძნობ, კლუბის შეცვლა აღარ მინდა"
"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
– წარსულში თუ გიფიქრიათ ბუნდესლიგაში გადასვლაზე?
"არა, ნამდვილად არა. ამაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან "სოსიედადში" კომფორტულად ვიყავი, "ატლეტიკოში" კი ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. კლუბის შეცვლა აღარ მინდა".
– მარტში 31 წელი გისრულდებათ. სხვა ქვეყნის სხვა ტოპ კლუბში გადასვლის ვარიანტზე არ ფიქრობთ?
"ვიმედოვნებ, სანამ თამაშის ტემპის შენარჩუნება შემიძლია და შესაბამისი მოთხოვნების დონეს დავაკმაყოფილებ, "ატლეტიკოსთვის" საჭირო ფეხბურთელი ვიქნები და ერთად კიდევ ერთი ბრწყინვალე ისტორიის დაწერას შევძლებთ", - დასძინა გრიზმანმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ანტუანი "ბარსელონას" საკუთრებაა და "ატლეტიკოში" იჯარის წესით თამაშობს, მომავალ ზაფხულს "როხიბლანკოს" მისი კონტრაქტის შესყიდვა შეეძლება.