სენსაციური მარცხის შემდეგ, ნიუკასლის პრეზიდენტი გუნდის გასახდელში პირად მცველთან ერთად მივიდა
ინგლისის თასის 1/32-ფინალში „ნიუკასლი“ მესამე ლიგის გუნდ „კემბრიჯ იუნაიტედთან“ დამარცხდა (0:1) და ტურნირს გამოეთიშა.
ამ წაგებამ „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში გუნდის მფლობელი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი გახდა, რომლის ბიუჯეტიც 300 მილიარდ ევროს აღემატება.
Daily Mail-ის ინფორმაციით, „კემბრიჯთან“ წაგების შემდეგ, ნიუკასლის პრეზიდენტი იასირ ალ-რუმაიანი გუნდის გასახდელში პირად მცველთან და გუნდის დირექტორ ამანდა სტეივლისთან ერთად მივიდა.
მოგვიანებით, „ნიუკასლის“ მწვრთნელმა ედი ჰაუმ აღნიშნა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა მას ბოლომდე გვერდში უდგას და ამ რთულ მომენტში მოტივაციას აძლევს.
19 ტურის შემდეგ „ნიუკასლი“ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს მხოლოდ 11 ქულით იკავებს.