აგენტმა შეიძლება ბარსელონას რონალდუს დამატება შესთავაზოს - კატალონიური პრესა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა გუნდი უახლოეს პერიოდში დატოვოს.
კატალონიური გამოცემა SPORT.es-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი გუნდში არსებული მდგომარეობით საშინლად უკმაყოფილოა და თავის აგენტს, ჟორჟე მენდეშს სთხოვა, ახალი გუნდი მოუძებნოს, თუ სიტუაცია მკვეთრად არ გამოსწორდა.
თავის მხრივ, მენდეში „ბარსელონას“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან კარგ ურთიერთობაში იმყოფება და შესაძლოა, მათ რონალდუს დამატება შესთავაზოს. გამომდინარე იქიდან, რომ ხავი ახალი შემტევის ძიებაშია, არ არის გამორიცხული კლუბმა მისი კანდიდატურა განიხილოს.
ეს ცოტა არ იყოს უცნაური იქნება და ამ ეტაპზე დაუჯერებლად ჟღერს, რამეთუ „ბარსელონასთვის“ რონალდუს ხელფასის დაკმაყოფილება რთული იქნება, გარდა ამისა კრიშტიანუ კატალონიელთა მთავარი მტრის, მადრიდის „რეალის“ ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
რონალდუმ პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 16 მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.