ავტორიზაცია

საშინელი ვარაუდი გამართლდა - ფედერიკო კიეზა ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა

საშინელი ვარაუდი გამართლდა - ფედერიკო კიეზა ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა
თარიღი 10 იან 2022, 15:48

„იუვენტუსის“ შემტევს ფედერიკო კიეზას ტრავმის გამო ძალიან დიდი დრო გაუცდება.

ტურინული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კიეზას მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდასტურდა, რის გამოც უახლოეს პერიოდში ოპერაციის გადატანა მოუწევს.

შესაბამისად, დიდია იმის ალბათობა, რომ ამ სეზონში კიეზა საფეხბურთო მოედანზე ვეღარ გავა, რადგან მსგავსი ტრავმების მოშუშებას ფეხბურთელები 6-9 თვე უნდებიან ხოლმე.

ეს საშინელი ტრავმა კიეზამ სერია ა-ს 21-ე ტურში „რომასთან“ მატჩში მიიღო, რომელიც „იუვემ“ 1:3-დან შემოატრიალა და 4:3 მოიგო.

ფედერიკო კიეზა „ფიორენტინას“ აღზრდილია, „იუვენტუსში“ კი 2020 წლის ოქტომბერში გადავიდა იჯარით და აუცილებელი გამოსყიდვის პირობით.

მიმდინარე სეზონში კიეზამ სერია ა-ს 14 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.