ავტორიზაცია

"ქვილითაიას თავის დროზე ბუნდესლიგაში თამაშის ვარიანტი ჰქონდა", - ქართველი აგენტი

"ქვილითაიას თავის დროზე ბუნდესლიგაში თამაშის ვარიანტი ჰქონდა", - ქართველი აგენტი
თარიღი 10 იან 2022, 20:04

ლაშა ოდილაძემ პირველ არხთან ნიქოზიის "აპოელის" თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიასთან დაკავშირებული საკმაოდ საინტერესო ამბავი გაიხსენა, რომელიც მისი ბუნდესლიგაში არშემდგარ ტრანსფერს უკავშირდება.

"გიორგის ჰქონდა შანსი, რომ ანორთოსისამდე გერმანიაში წასულიყო. გენტიდან წამოსვლა რომ გადაწყვიტა, მეორე ბუნდესლიგის ბოხუმი იწვევდა და კარგ პირობებს სთავაზობდა, თუმცა იმ პერიოდში გენტმა პრობლემები შეუქმნა.

თავის გამოჩენის შანსს არ აძლევდნენ და ფსიქოლოგიურად ისე იყო, ისევ უცხო გარემოში წასვლას თემურ ქეცბაიასთან მუშაობა ამჯობინა, რომელიც იცნობდა და ენდობოდა.

ეს გუნდი შემდეგ ბუნდესლიგაში გადავიდა და გიორგის ჰქონდა შანსი, ამ გუნდთან ერთად ამ პრესტიჟულ ლიგაში ეთამაშა. მთავარია, რომ გენტს თავი დააღწია, სადაც ქვილითაიას ცუდად მოექცნენ და შანსს არ აძლევდნენ.

ბელგიაში მოტეხილი ფეხით ჩავიდა და მოედანზე დაბრუნებისთანავე გაიტანა, მაგრამ შემდეგ სეზონში თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს, რასაც წმინდა პრაგმატული მოსაზრებით აკეთებდნენ.

გიორგიზე ძვირი ღირდა კანადელი ჯონათან დავიდის და უკრაინელი რომან იარემუჩუკის ტრანსფერები და აქცენტი მათზე გააკეთეს, უფრო კარგ ფასში რომ გაეყიდათ.

ქვილითაია გენტში ამ გათვლებს შეეწირა და შანსი არ მისცეს. გული დამწყდა, რომ ნაკრებში აღარ იწვევენ. მგონია, რომ გიორგი თამაშს იმსახურებს. მით უფრო, რომ გენტის შემდეგ ისევ ათამაშდა.

მას გოლებიც გაჰქონდა და ახლა კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან გუნდში მიიწვიეს. ვფიქრობ, რომ ის ნაკრებს კიდევ გამოადგება", - განაცხადა ქართველმა მენეჯრმა.