ავტორიზაცია

გერმანელმა მსაჯმა ბელინგემის სკანდალური განცხადების გამო კარიერაში პაუზა აიღო

გერმანელმა მსაჯმა ბელინგემის სკანდალური განცხადების გამო კარიერაში პაუზა აიღო
თარიღი 11 იან 2022, 10:46

ცნობილმა გერმანელმა არბიტრმა, ფელიქს ცვაიერმა სამსაჯო საქმიანობაში პაუზა აიღო, იტყობინება Tagesschau.

როგორც აღინიშნება, 40 წლის არბიტრი ბუნდესლიგის მოახლოებულ მატჩებს აღარ მოემსახურება, რადგან "დორტმუნდის" ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის სკანდალური სიტყვების გამო მენტალური აღდგენა სჭირდება.

მოგეხსენებათ, გერმანიის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ბაიერნთან" (2:3) გამართული შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ინგლისელმა თქვა: "გერმანიის მთავარი მატჩი ანდეთ მსაჯს, რომლის კარიერაშიც გარიგებული მატჩი ფიქსირდება".

აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ცვაიერი რობერტ ჰოიცერის საქმის მოწმე იყო, რომელსაც ბრალად გარიგებულ შეხვედრებში მონაწილეობა ედებოდა. მსაჯს უფლებამოსილება 6 თვით შეუჩერეს, რადგან მან ჰოიცერის დანაშაულის შესახებ იცოდა, თუმცა ეს სამართალდამცავებს არ შეატყობინა. 

ამ სიტყვებისთვის ბელინგემი 40 ათასი ევროთი დააჯარიმეს. როგორც იწერებოდა, ცვაიერს სურს, რომ "დორტმუნდის" 18 წლის ნახევარმცველმა მას ბოდიში მოუხადოს.