ბენფიკას ფორვარდის შესაძენად ატლეტიკომ შესაძლოა ფელიქსი პრემიერ ლიგაში გაყიდოს
„ბენფიკას“ თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესის მომავალი გაურკვეველი რჩება.
პორტუგალიური გამოცემა O Jogo წერს, რომ „ნიუკასლი“ ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს.
თუმცა, „ბენფიკას“ სეზონის ბოლომდე დაცდა ურჩევნია, პორტუგალიური გუნდი ფიქრობს, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდის „ატლეტიკო“ სერიოზულ შემოთავაზებას გააკეთებს, თუმცა საამისოდ დედაქალაქელებს ფული დასჭირდებათ.
O Jogo წერს, რომ ნუნიესის შესაძენად „ატლეტიკომ” შესაძლოა ჟოაო ფელიქსი გაყიდოს, რომელიც თავის დროზე სწორედ „ბენფიკადან“ 126 მილიონ ევროდ დაიმატა.
ცნობისთვის, ფელიქსის მიმართ ინტერესს ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ სიტი“ იჩენს და თავად პორტუგალიელი გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ არის.