ავტორიზაცია

ბარსელონასა და ბაიერნის ბოსებს ურთიერთობა გაუფუჭდათ — რამ გამოიწვია უთანხმოება?

ბარსელონასა და ბაიერნის ბოსებს ურთიერთობა გაუფუჭდათ — რამ გამოიწვია უთანხმოება?
თარიღი 21 იან 2022, 12:12

"ბარსელონას" ამჟამინდელ ხელმძღვანელობას "ბაიერნის" ბოსებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, იტყობინება გერმანული გამოცემა Sport1.de.

რამდენიმე წლის წინ, ამ კლუბებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ამის მაგალითად შეგვიძლია 2019 წლის აგვისტოში კატალონიიდან მიუნხენში ფილიპე კოუტინიოს არენდაც მოვიყვანოთ.

მას შემდეგ "ბაიერნსა" და "ბარსას" შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა. ამაზე გავლენა იქონია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გეგმებმა ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობაზე და კლუბების ქცევამ სატრანსფერო ბაზარზე.

"ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას "რეკორდმაისტერის" ბოსების საქციელმა გააღიზიანა. მიუნხენური გრანდი ცოტა ხნის წინ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე "ბარსას" ფეხბურთელებს დაუკავშირდა და ამის შესახებ კატალონიელთა ხელმძღვანელებს არ ამცნო. კერძოდ, "ბაიერნი" პედრის იქამდე ესაუბრა, სანამ ეს უკანასკნელი "ბარსასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, აგრეთვე სერჟინიო დესტსაც მიმართა.

"ბაიერნი" ნამდვილად ელაპარაკა "ბარსას" ფეხბურთელებს, თანაც ისე, რომ კატალონიელებს ეს დაუმალა. შეიძლება ითქვას, კლუბებს შორის ძალიან ცუდი ურთიერთობაა, აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო", - თქვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა პირმა.

"ბარსელონას" განსაკუთრებული უკმაყოფილება პედრის მიმართ "ბაიერნის" საქციელმა გამოიწვია. სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი და ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე სერიოზულად მუშაობდნენ 19 წლის ესპანელის ტრანსფერზე. გარიგება ჩაიშალა, როცა პედრიმ "ბარსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ აღინიშნება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბაიერნის" ინტერესმა გაახარა.

სამომავლოდ მიუნხენური გრანდის თავდასხმებისგან თავის დასაცავად, "ბარსამ" პედრის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი ჩადო - 1 მილიარდი ევრო. ეს "რეკორდმაისტერს" აღიზიანებს, რომელიც 2022 წლის ზაფხულში პედრის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას აპირებს.

თავის მხრივ, "ბარსელონამ" "ბაიერნის" საქციელს მცველ ნიკლას ზულესადმი ინტერესის გამოჩენით უპასუხა, ამ უკანასკნელს მიუნხენელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება. გარდა ამისა, კატალონიელები "რეკორდმაისტერის" ორ ახალგაზრდა ტალანტს აკვირდებიან. საუბარია 16 წლის პლეიმეიკერ კენან ილდიზსა და 18 წლის ფორვარდ გაბრიელ ვიდოვიჩზე, ეს უკანასკნელი უკვე "ბაიერნის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.