დე ბრუინი ასისტებით ბექჰემს გაუტოლდა - ვინ უფრო ნაკლებ მატჩში მოახერხა 80 საგოლე პასის შესრულება?
გუშინ, 22 იანვარს, პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „მან სიტი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუზავდა - 1:1.
ამ შეხვედრაში კევინ დე ბრუინმა 65-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა, როდესაც აიმერიკ ლაპორტმა ტაბლოზე ანგარიში გაათანაბრა.
როგორც OptaJoe „ტვიტერზე“ წერს, ბელგიელი ნახევარმცველისთვის ეს პრემიერ ლიგაში მე-80 საგოლე პასია და ამ მაჩვენებლით ის ინგლისელ დევიდ ბექჰემს გაუტოლდა.
თუმცა, ამ შედეგის მისაღწევად დე ბრუინს ბექჰემზე 68 მატჩით ნაკლების ჩატარება დასჭირდა. „სიტის“ ნახევარმცველმა 80 ასისტი 196 მატჩში მიითვალა, ბექჰემმა კი - 264 შეხვედრაში.
მიმდინარე სეზონში კევინმა პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 6 გოლი და 2 ასისტი ჩაიწერა აქტივში.