ავტორიზაცია

"ეს ნამდვილი ქარიშხალი იყო", - მაუნტმა ჩელსიში ტუხელის პირველი დღე გაიხსენა

"ეს ნამდვილი ქარიშხალი იყო", - მაუნტმა ჩელსიში ტუხელის პირველი დღე გაიხსენა
თარიღი 23 იან 2022, 19:39

„ჩელსის“ ნახევარმცველმა, მეისონ მაუნტმა, ლონდონურ გუნდში თომას ტუხელის პირველი სამუშაო დღე გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა „ჩელსი“ ერთი წლის წინ ჩაიბარა, როცა ამ თანამდებობაზე ფრენკ ლამპარდი შეცვალა.

„მახსოვს, დილით კრება გვქონდა. ის კვირა ნამდვილ ქარიშხალს ჰგავდა, ეს რაღაც წარმოუდგენელი იყო. იქამდე მსგავსი არაფერი გადამხდენია, ამიტომ უბრალოდ უნდა მემუშავა, მევარჯიშა და დავლოდებოდი, რა იქნებოდა შემდგომ. რა მოხდება? როგორი იქნება შემდეგი დღე?

კრება გვქონდა და მწვრთნელმა გვიამბო, რას ელის ჩვენგან და რას ითხოვს, როგორ ხედავს ჩვენ თამაშს და როგორ ურჩევნია გუნდის მართვა. მან ყველაფერი გვითხრა, შემდეგ სავარჯიშოდ წავედით, მეორე დღეს კი მატჩი გვქონდა.

ეს იყო ნამდვილი ქარიშხალი, უბრალოდ თავბრუ გვეხვეოდა, მაგრამ მწვრთნელმა ისე აშკარად დაგვისახა, თუ როგორ გვეთამაშა, რა როლი და მოვალეობები გვქონდა, რომ გარდამავალმა პერიოდმა გაცილებით მარტივად ჩაიარა.

პირველივე დღიდან გავიგეთ, როგორ გეგმავს ის მატჩებს. ჩვენ უბრალოდ მოედანზე უნდა გავსულიყავით და გეგმას გავყოლოდით. გუნდი ყოველთვის რეაგირებს ასეთ რაღცებზე და უფრო მალე ადაპტირდება.

შემდეგ უფრო გაგვიმარტივდა და მას შემდეგ სულ გვინდა თამაში, გამარჯვებები და ტიტულების მოპოვება. იმ მომენტიდან, რაც ის მოვიდა, ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რაზეც ის მოტივაციას გვაძლევდა და მალევე გაგვიჩნდა შანსი რომ სერიოზულ მატჩებში და ფინალებში გვეთამაშა.“ - ციტირებს მაუნტის სიტყვებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.