ფედერიკო კიეზას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა - რამდენს გამოტოვებს იტალიელი შემტევი?
„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების შემტევს, ფედერიკო კიეზას, ოპერაცია ჩაუტარდა.
ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა იმის გამო დასჭირდა, რომ „რომასთან“ სერია ა-ს 21-ე ტურის მატჩში მან მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
„იუვენტუსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კიეზას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესს უკვე უახლოეს პერიოდში შეუდგება.
თუმცა, ამ სეზონში კიეზას დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა - მის სრულად მწყობრში დაბრუნებას დაახლოებით შვიდ თვემდე დასჭირდება.
ამ სეზონში ფედერიკომ სერია ა-ს 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
მარტში იტალიის ნაკრები მუნდიალის გასასვლელად პლეი-ოფში ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში, თურქეთი/პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ მატჩებში ევროპის ჩემპიონებს კიეზა ვერ დაეხმარება.