"შემოთავაზება მივიღეთ და მზად ვართ გასაყიდად", - ფიორენტინას დირექტორმა ვლაჰოვიჩის წასვლა არ გამორიცხა
„ფიორენტინას“ დირექტორმა, დანიელე პრადემ, გუნდის ლიდერის, დუშან ვლაჰოვიჩის თაობაზე განცხადება გააკეთა.
პრესაში იწერება, რომ სერბმა ფორვარდმა „იუვენტუსთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება. თუმცა, ტრანსფერს „ფიორენტინა“ აყოვნებს, რომელიც თავდამსხმელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.
„დიახ, ვლაჰოვიჩის თაობაზე მნიშვნელოვანი შემოთავაზება მივიღეთ და მზად ვართ ის იანვარშივე გავყიდოთ. თუმცა, ფეხბურთელის აგენტი ჩვენ არ დაგვკავშირებია.
„იუვენტუსი“? ჩვენი კარი გახსნილია. დუშანის გადაწყვეტილებას ველოდებით, პასუხი გვჭირდება.“ - თქვა პრადემ SportItalia-სთან საუბარში.
ცნობისთვის, „იუვეს" გარდა ფეხბურთელით აქტიურად ინტერესდება „არსენალიც", რომელიც მზადაა „ფიორენტინასთვის" სასურველი 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა პრესაში იწერება, რომ ვლაჰოვიჩს კარიერის გაგრძელება ტურინში სურს.